290 Mo Salah ideas | mo salah, salah, mohamed salahმოჰამედ სალაჰი არ მალავს, რომ „ლივერპულთან“ მისი საკონტრაქტო ურთიერთობა ძალიან მყიფეა. ფეხბურთელი ჯერ ვერ ამბობს პრობლემა მოგვარდება თუ ვერა.

ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან თანამშრომლობის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. ამბობენ, რომ ის კლუბს გასამრჯელოს მომატებას სთხოვს — კვირაში 400 000 გირვანქა უნდა. თუმცა, თავდამსხმელი ცდილობს გულშემატკივარი დაარწმუნოს, რომ მასა და კლუბს შორის გამართული ვაჭრობა მის თამაშზე არ მოქმედებს და ის კვლავ თავდადებით იბრძვის რათა ამ სეზონში „ლივერპულმა“ ოთხი ტიტული მოიგოს.

ხვალ „ლივერპული“ ეგრეთწოდებულ საჩემპიონო შეხვედრაში სტუმრად ხვდება „მანჩესტერ სიტის“. სალაჰს მიმდინარე პირველობაზე 20 გოლი აქვს გატანილი.

„სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდამსხმელი ამბობს, რომ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

„რა შემიძლია გითხრათ? ხალხმა ბევრი რამ არ იცის, თუმცა ახლა ჩემი მხრიდან კონტრაქტზე ლაპარაკი ეგოისტობა იქნებოდა.

დღეს „ლივერპული“ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის, ამიტომ მე მხოლოდ გუნდზე შემიძლია ლაპარაკი. ჩვენ მთელი ყურადღება მომდევნო შეხვედრებზე გვაქვს გამახვილებული და ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ სწორედ ეს მიმაჩნია. აი, სულ ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. მოდი ვიყოთ ოპტიმისტები და ვნახოთ, რა მოხდება“.

ჟურნალისტი სალაჰს ჩაეძია. მოგვარდება თუ არა კონტრაქტთან დაკავშირებული საქმეები? — ჰკითხა მან.

„ვერ ჰოს გეტყვით და ვერც არას, — უპასუხა ეგვიპტელმა, — ვიმეორებ, ახლა ძალიან დელიკატური პერიოდია, რის გამოც ამ თემას ვერ განვავრცობ, თუმცა ადრე ბევრჯერ მითქვამს, რომ „ლივერპულში“ მინდა დარჩენა.

იმისათვის, რომ გუნდმა მოიგოს, მე ჩემი კონტრაქტის თემით არ უნდა მივიპყრო ყურადღება. ახლა მხოლოდ საქმეზე ვარ კონცენტრირებული“.