კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქიშპის მოთავე რუნი იყო, რომელმაც თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი უნდა გაუშვას. კრიშტიანუმ პასუხი არ დააყოვნა, თუმცა ის უფრო რბილი და ალბათ ირონიულიც იყო. მან ინსტაგრამში დაპოსტა თავისი და რუნის ფოტო, რომელსაც მიაწერა: „ორი ეჭვიანი“; თუმცა, ქართულად ჯობდა გვეთარგმნა: „ორი ამბიციური“.

Cristiano Ronaldo and Wayne Rooney formed a lethal partnership for Man Utd„სანმა“ კი მიზეზი იშოვა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძველი ვარსკვლავები ერთმანეთს შეადარა. გამოცემამ პორტუგალიელისა და ინგლისელის მხოლოდ საფეხბურთო მიღწევები კი არ მიაზომა ერთმანეთს, არამედ მათი ცხოვრების ყველა ასპექტს გადაწვდა. „დაატოლეს“ მათი სიმდიდრე, ეზო-კარი, მანქანები, ცოლები და ყველაფერი, რის დატოლებაც შეიძლებოდა.

ჩვენ, თქვენი ნებართვით, მხოლოდ ფეხბურთზე ვილაპარაკებთ. მართალია, რონალდუმ საუკეთესო ფეხბურთი უფრო „რეალში“ ითამაშა, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ 2004-09 წლებში ის და რუნი მანკუნიანელთა თავდასხმის მრისხანე წყვილს წარმოადგენდნენ.

ისინი ერთად სამჯერ გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები. 118 შეხვედრაში რონალდუმ 292 გოლი შეაგდო და 2008 წელს „ოქროს ბურთის“ ლაურეატიც გახდა.

რუნიმ კი კარიერის უდიდესი ნაწილი „იუნაიტედში“ გაატარა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: 559 შეხვედრაში 253 გოლი.

„რეალში“ გადასულმა კრიშტიანუმ 438 მატჩში 450(!) გოლი გაიტანა და ადრინდელ ტიტულებს ოთხი ჩემპიონთა ლიგა დაამატა.

შემდეგ, ის „იუვენტუსთან“ ერთად ორჯერ გახდა სერია A-ს ჩემპიონი, ხოლო გასულ ზაფხულს „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნდა.

რონალდუ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელია. სანაკრებო კარიერაში მან 115 გოლი შეაგდო და გახდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

გარდა ამისა, 2016 წელს ის ევროპის ჩემპიონიც გახდა.

ამასობაში კი, რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა, მაგრამ ამ მანტიასაც ალბათ ჰარი კეინს გადაულოცავს.