მის გარეშე წარმოუდგენელი იყო თბილისის „დინამოს“ ოქროს წლები. და ხუმრობა არაა, ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ „დინამოს“, მთლიანად იმხელა საბჭოთა კავშირის კაპიტანი ყოფილიყავი. ეს ფეხბურთელობაზე მეტს ნიშნავდა. კაცი-ავტორიტეტი, კაცი-სიხალისე, კაცი-ურთიერთობა. ეს ალექსანდრე ჩივაძეა. 8 აპრილი ბატონი საშას დაბადების დღეა! საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს 67 წელი შეუსრულდა. თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ლეგენდარული კაპიტანი დააფასა და „დინამო არენას“ სტადიონის სამხრეთი ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიაკუთვნა… ეს ტრიბუნა რამდენიმე სექტორს მოიცავს: 1, 2, 3, 17, 18. მე-3 სეტორის შესასვლელი ჩივაძის გრაფიტით გამოსახეს და ეს „დინამოს“ ფანების მეშვეობით. პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ჩივაძის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ჩივაძე სტუმრობდა სტადიონს. „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად გადასცეს 3-ნიომრიანი მაისური და კაპიტნის სამკლავური. საინტერესოა, რომ საქართველოში პირველად მოხდა სტადიონის ტრიბუნისთვის ფეხბურთელის სახელის მინიჭება და „დინამო“ მომავალშიც აპირებს დღეს დაწყებულის გაგრძელებას. სხვათა შორის, დღეს „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას დაბადების დღეა – 56 წლის გახდა. ვულოცავთ იუბილარებს!