Valencia drastically reduces its projection of conceded goalsგიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა და „ვალენსიას“ კარში დაიბრუნა ადგილი. სტატისტიკა მრავლისმეტყველია: მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა 10 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, რომელთაგან 4 ერთ შეხვედრაში გაუტანა „ბარსელონამ“. ბოლო 5 თამაშში კი („მალიორკასთან“, თასზე „ბილბაოსთან“, „ხეტაფესთან“, „ელჩესა“ და „კადისთან“) „ვალენსიამ“ მხოლოდ ერთხელ გაუშვა.

თუ სტატისტიკას უფრო ჩავუღრმავდებით, მეტად დავრწმუნდებით, რომ ქართველ მეკარეს წარმატებული პერიოდი აქვს. @ciberchenet- ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ის ამ წუთისთვის გაშვებული გოლების საშუალო მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორე გოლკიპერია — 16 მატჩში 14 გოლი. ეს ერთ შეხვედრაში საშუალოდ 0,88 გაშვებულ გოლს ნიშნავს, ანდრეს პალოპის შედეგს (78 შეხვედრაში 69 გოლი) უტოლდება და ოდნავ აღემატება კანისარესის 0,90-ს (419 შეხვედრაში 377 გოლი).

და მაინც, ჯასპერ სილესენის გამოჯანმრთელებასთან ერთად ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, არის კი მამარდაშვილის ეს სასტარტო პოზიცია განმსაზღვრელი ფაქტორი თუ ის კვლავ დამარცხდება ჰოლანდიელ მეკარესთან კონკურენციაში.

ქართველი სასტარტო შემადგენლობაში ზაფხულში მოხვდა, როდესაც ხოსე ბორდალასის მიერ მთავარ მეკარედ შეგულებული სილესენი დაშავდა. მან პირველი ოთხი თამაში „ხეტაფესთან“, „გრანადასთან“, „ალავესთან“ და „ოსასუნასთან“ მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ შემდეგ მიჯრით სამი შეცდომა დაუშვა — „მესტალიაზე“ „რეალთან“ მეორე გოლი და „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ სამიდან ორი მისი ბრალი იყო.

ამან ის განაპირობა, რომ მეშვიდე ტურში ბორდალასმა „მესტალიაზე“, „ბილბაოსთან“ შეხვედრაში მეკარე შეცვალა. ალიკანტელმა მწვრთნელმა ეს ცვლილება მენტალური ასპექტით ახსნა: „გიორგიმ ამოცანას თავი კარგად გაართვა. მან თავიდანვე გაამართლა მოლოდინი. მის წინაშე დასახული ამოცანები და მოთხოვნები ერთხანს ადექვატური იყო, მაგრამ მერე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცვლილებების დრო დადგა. არის გადაწყვეტილებები, რომელთაც ჩვენ, მწვრთნელები მხოლოდ სპორტული მოსაზრებებით არ ვიღებთ“.

რაც შეეხება სილესინს გამოჯანმრთელებას და გასულ შაბათს გუნდში დაბრუნებას: ბორდალასმა გადაწყვიტა მეკარეები კონკურენციისა და 23 აპრილს, „ლა კარტუხაზე“ დანიშნული თასის ფინალის მიხედვით არ დაეხარისხებინა. მან თქვა: „ფინალამდე ჯერ ადრეა. ჯერ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. ფინალს ჯერ ცალი თვალით ვუყურებთ. მეკარეებით კმაყოფილები ვართ. საბედნიეროდ, ყველა კარგად გრძნობს თავს, ხოლო ის რომელიც თამაშობს, გიორგი, მშვენივრად ირჯება; საუკეთესო ფორმაშია. ამ სეზონში სამივე მეკარეს ჰქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც მთავარი გუნდის კარში იდგა. ყველა მზად არის დასახმარებლად“.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფინალს ყოველთვის განსხვავებული და ძლიერი ზეწოლა ახლავს. იქ სხვა გარემოა. მამარდაშვილმა თავის დროზე ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ იმიტომ დაკარგა, რომ გარკვეული ემოციების სწორედ მართვა არ იცოდა, მაგრამ მას მერე  მოშინაურდა, გამოცდილება შეიძინა და დღეს ქართველი უფრო დაღვინებული ჩანს. ამჟამად მას შესანიშნავი პოზიცია აქვს რათა სასტარტო შემადგენლობაში თავისი ადგილი უახლოეს და არა მარტო უახლეს, უფრო შორეულ მომავალშიც შეინარჩუნოს.

მანოლო მონტალტი, plazadeportiva