ინგლისურ მედიაში ხუმრობენ, როდესაც საქმე მსოფლიოს ჩემპიონატს ეხება ცუდი იდეის უგულებელყოფა არ შეიძლებაო.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამასწინათ აღიარა, რომ მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება არ მოუწონეს და… იქვე ახალი მოსაზრება შეაპარა საზოგადოებას — ეს საქმე სამ წელიწადში ერთხელ ხომ არ გვექნაო.
ანუ, ახალი ციკლის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატი 36 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს. და ბარემ, ამ 36 თვიდან პირველი თორმეტი 24 გუნდიან კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატს დაეთმობა.
სამწლიანი ციკლის შუა ზაფხული კონტინენტურ პირველობებს გამოეყოფა: ლაპარაკია ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკს და სხვა კონფედერაციათა ჩემპიონატებზე. ნუ, მესამე ზაფხული კი მსოფლიოს ჩემპიონატისა იქნება.
ინფანტინო ამბობს, რომ „რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია“.






