Angel Correa was booked after kicking a ball at Grealish when the forward lay on the groundპეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მეტოქის ხრიკებს არ აჰყვნენ და ნერვები მოთოკონ. სამშაბათს „სიტიმ“ „მატრასების მკერავებს“ შინ მოუგო 1:0. გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა. მანამდე ორიოდ წუთით ადრე კი მოედანზე შევიდა ჯეკ გრილიში, რომელსაც ესპანელმა სტუმრებმა რამდენჯერმე უთავაზეს.

Kevin De Bruyne drills Man City's 70th minute winner in the quarter-final first legერთ ეპიზოდში, როდესაც გრილიში წაიქცა, ანხელ კოერამ მას ბურთი მიარტყა, რის გამოც არგენტინელი გააფრთხილეს. გვარდიოლა თავად შევარდა მოედანზე და კორეას, სავარაუდოდ, გიჟი ეძახა.

„ქალაქელების“ კატალონიელი თავკაცი შემდეგ ოთხშაბათს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, რაღაც ამდაგვარს ელის. ის მიიჩნევს, რომ მასპინძლები მის ბიჭებს პროვოკაციებს არ მოაკლებენ.

„ჩვენ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ, ემოციები კი მოვთოკოთ, — თქვა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ, — სადავო მომენტების შესაფასებლად მოედანზე მსაჯი იქნება. „ატლეტიკო“ ფლეი-ოფში ჭიპმოჭრილი გუნდია, ასე რომ ჩვენს სიმწიფეს კარგი გამოცდა ელის.

დღევანდელი ეპიზოდების კომენტირებაც არ არის ჩემი საქმე. ამისათვის მსაჯი არსებობს. კარგია, რომ ჯეკმა თავი სწრაფად აიყვანა ხელში და კონფლიქტიდან კვლავ საქმეზე გადაერთო“.

შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორმა კევინ დე ბრუინმა კი მატჩი თავისი გადასახედიდან შეაფასა: „ძნელი თამაში იყო. ისინი ფაქტობრივად ხუთი მცველით და წინ ჩამდგარი ხუთი ნახევარმცველით თამაშობდნენ. ყველას, ვინც ჩვენს გაკრიტიკებას გადაწყვეტს, ვურჩევ ჯერ ვარჯიშზე სცადოს ასეთი წინააღმდეგობის გარღვევა.

ახლა ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მეტოქის თამაშს არ ავყვეთ. ვერაფერს იზამ, ეს მათი სტილია. მჭიდრო თამაშში „ატლეტიკოს“ ცოტა მეტი შეტევა მოუწევს“.

და ისევ გვარდიოლა: „კევინი მიმდინარე სეზონში ასეთ კარგ ფორმაში არ ყოფილა. სწრაფად მოქმედებს, ამწვავებს… ის მატჩის მსვლელობაზე დიდ გავლენას ახდენს“.

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი დე ბრუინის მსგავსად ელის, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი, რომელსაც პირველ შეხვედრაში კარში არც კი დაურტყამს, მომდევნო ოთხშაბათს მეტად შეუტევს.

თავად სიმეონე კი ასე ამბობს: „დღეს განსაკუთრებულ მეტოქეს შევხვდით. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. „სიტი“ ძალიან დინამიკურად მოქმედებდა. ჩვენ, ჩვენი ხერხებით ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, ალბათ კონტრშეტევების დროს გვმართებდა მეტი სიმწვავე.

ვნახოთ, რა მოხდება მეორე შეხვედრაში. იქნებ ბურთი მეტად ვაკონტროლოთ და მოწინააღმდეგეს სირთულეები შევუქმნათ. თუმცა ამას სიმშვიდე და დაცვაში მაღალი დონის კოლექტიური მოქმედება დასჭირდება“.