„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ამ ეტაპზე ლადო კილასონია თავკაცობს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 7 აპრილს პორტ ელიზაბეთის „მადიბაზ სთედიუმზე“ ადგილობრივ „ისტერნ პროვინს ელეფანთსს“ დაუპირისპირდება.
ეს არაა პორტ ელიზაბეთის მთავარი სარაგბო არენა, რომელიც ნელსონ მანდელას სახელს ატარებს. „მადიბაზი“ გახლავთ ნელსონ მანდელას უნივერსიტეტის სტადიონი, თუმცა ამით ქართული ფრენჩაიზის მორიგ მატჩს მნიშვნელობა არ აკლდება. ეს იქნება ქარის თასის პირველი დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრა და მასში ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები შეერკინებიან. „შავმა ლომმა“ „ზიმბაბვე გოსჰოქსს“ 34:10 აჯობა, ხოლო „სპილოებმა“ ტურნირის სტარტზე „თანამემამულე „იგლზს“ 34:15 სძლიეს.
რაც შეეხება ქართველთა შემადგენლობას, საქმეში როტაციის პრინციპი ჩაერთო და ხუთშაბათს რამდენიმე ახალ სახეს ვიხილავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაზმი საბრძოლო და კონკურენტუნარიანია, დანარჩენს კი უშუალოდ მატჩი დაგვანახებს.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ისტერნ პროვინს ელეფანთსთან“ მატჩში:
1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური (კაპ), 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 14. სანდრო სვანიძე, 15. მირიან მოდებაძე.
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.