Image: PAდროდადრო სერ ალექს ფერგიუსონს ნერვების მოთოკვა უჭირდა. ყოფილა შემთხვევები, ფეხბურთელები დაუწიოკებია; ხანდახან მსაჯებს უყვიროდა. გამოთქმა „ფენით მკურნალობა” (ღრიალის გამო თმის ყალყზე დადგომას ნიშნავს) ფერგიუსონამდე არ არსებობდა. „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 26 წლის განმავლობაში მას ჩვიდმეტჯერ მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია, თუმცა არის ერთი სახალისო ისტორია, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ფერგი შოტლანდიურ „სენტ მირენს” ედგა სათავეში.

„სენტ მირენი” მწვრთნელი-სერ ალექსის კარიერაში მეორე გუნდი იყო. პირველი, ძალიან ცოტა ხნით გახლდათ „ისტ სტირლინგშირი”. და აი, 1976 წელს ფერგიუსონმა, რომელიც ორიოდ წლის წინ თავადაც ფეხბურთელი იყო, „სენტ მირენი” სამი კვირით კარიბის ზღვის ქვეყნებში წაიყვანა. რატომ მოუვიდათ სენტ მირენელებს აზრად კარიბეთში გამგზავრება? იმიტომ, რომ მათ თავმჯდომარე ჰეროლდ კარს იქ ვისკი შეჰქონდა. ბიზნესის ამბავი იყო.

სამკვირიანი ტურის დროს, ფერგის გუნდმა რამდენიმე ამხანაგური თამაში გამართა, მათ შორის გაიანას ნაკრებთან, რომელსაც მალე შესარჩევი თამაში ელოდა და საქმეს სერიოზულად ეკიდებოდა. გაიანელებს ჰყავდათ ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც „სენტ მირენის” ახალგაზრდა მოთამაშეს რობერტ ტორანსს არ ინდობდა. მისმა უხეშობამ ფერგიუსონი გააბრაზა. თავიდან მან მსაჯებთან დაიწყო კამათი.

პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ჯანიანმა გაიანელმა კიდევ ერთხელ მიარტყა ტორანსს, ფერგიუსონს მოთმინების ფიალა აევსო:

— მორჩა, მოედანზე შევდივარ! — უთხრა მან თავის ასისტენტ დევიდ პროვანს, — ეს ნაბიჭვარი თავს ბევრის უფლებას აძლევს.

აქ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოედნის კიდესთან მდგომ ფერგისა და პროვანს სპორტულები ეცვათ. პროვანმა ფერგის წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ის მოედანზე შევიდა.

როდესაც გაიანელებმა მორიგი შეტევა წამოიწყეს, ფერგიუსონი ჯანიან ნახევარმცველთან აიტუზა და მტკივნეულად მისცხო. ჯანიანი წაიქცა. როგორც მერე თავად სერ ალექსი იგონებდა, მან წკმუტუნი დაიწყო. მაგრამ, ამბავი ამით არ დასრულებულა. ფერგის „სისხლით” ვერ გაძღა. ერთი ხნის შემდეგ მან კვლავ იხელთა ხელსაყრელი მომენტი და ღონიერ გაიანელს ისევ მიარტყა. აქ, კი უკვე მსაჯმა ვეღარ მოითმინა და ის მოედნიდან გააძევა.

თამაშის შემდეგ ფერგიმ ფეხბურთელებს სთხოვა ეს ამბავი არსად მოეყოლათ.

საინტერესოა, რომ გაიანას ამბავი სულაც არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი მოედანზე სათამაშოდ შევიდა. მეორე ეპიზოდიც კარიბის ზღვას უკავშირდება. 1987 წელს, 45 წლის ფერგი უკვე „მანჩესტერ იუნაიტედს” ედგა სათავეში, როდესაც ის და მისი ასისტენტი არჩი ნოქსი ბერმუდასთან შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე შევიდნენ მოედანზე. ნოქსმა იმ შეხვედრაში შორიდან ლამაზი გოლიც გაიტანა. ფერგის ერთი მომენტი ჰქონია, მაგრამ თავით აუცილებია.