უეინ რუნი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა თავიდან უნდა მოიცილოს. მანკუნიანელთა რეკორდსმენ ბომბარდირს (253 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში) ეს გუნდის პროგრესისთვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია.
ამგვარი მოსაზრება რუნიმ „სქაი სპორტის” წამყვან დეივ ჯონსთან ლაპარაკის დროს გამოთქვა. ჯონსმა მას ჰკითხა, გაამართლა თუ არა „ოლდ ტრეფორდზე” პორტუგალიელის ემოციური დაბრუნების პროექტმა. „იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე უპასუხა:
„ამწუთას ჩემი პასუხია: არა! მართალია, მან სეზონის დასაწყისში გოლები გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი, „ტოტენჰემთან” ეფექტური ჰეთ-თრიკიც შეასრულა, მაგრამ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ახალგაზრდა, წარმატებას მოწყურებული ფეხბურთელებია საჭირო. „მანჩესტერ იუნაიტედს” მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ისინი თუ წაიყვანენ წინ.
რონალდუ აშკარად აღარ არის ის ფეხბურთელი, ათი წლის წინ რომ იყო. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ის მეტოქის კართან კვლავ სახიფათოა, მაგრამ გუნდს თამაშის მსვლელობისას მეტი სჭირდება”.
შემდეგ კი სიტყვამ 29 წლის პოლ პოგბა მოიტანა. ფრანგს ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის ვადა ეწურება. რუნიმ თქვა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებში სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს.
„ჩემი აზრით, დადგა დრო, როდესაც პოგბასთვის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა სჯობს. თუ საკუთარ თავთან გულწრფელია, ეცოდინება, რომ რაც „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნდა, ისე ვეღარ თამაშობს, როგორც აქ ყოფნის პირველ პერიოდში თამაშობდა. მე ვუყურებ მის ფეხბურთს საფრანგეთის ნაკრებში და ვხედავ, რომ პოგბა იქ სულ სხვაა: თამაშს აკონტროლებს, მოედანს ხედავს, სხვა შესაძლებლობებს ამჟღავნებს.
ვფიქრობ, რონალდუს და პოგბას გარდა „მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთაც წასვლა უჯობთ”.