პორტუგალიელი გონსალო გედეში გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია. 25 წლის თავდამსხმელი ის ფეხბურთელია, რომელიც „ვალენსიაში” ჩინებულად თამაშობს. თუკი მიმდინარე სეზონში „ღამურები” რაიმე წარმატებას აღწევენ, დიდწილად მისი დამსახურებაა და ამიტომაც არ იქნება გასაკვირი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მის გამო დიდი ვაჭრობა თუ გაიმართება.

ხოსე ბორდალასმა გედეშს „მესტალიაზე” თავი აპოვნინა. „ვალენსიამდე” გედეში „ბენფიკასა” და „პარი სენ ჟერმენში” თამაშობდა.

ხოლო კლუბი, რომელიც პორტუგალიელის გადაბირებით ამთავითვე დაინტერესდა გახლავთ იტალიური „რომა”. როგორც superdeporte.es იტყობინება, „ჯალოროსი” ეცდება გედეშის სანაცვლოდ ბევრი ფული არ გადაიხადოს და ის შედარებით მცირე თანხაში, პლუს ამადუ დიავარასა და ებრიმა დარბოში გაცვალოს. დიავარა გვინეიდანაა, დარბო გამბიიდან.

„ილ მესაჯეროსთვის” მიცემულ ინტერვიუში „რომასა” და იტალიური ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, აგრეთვე „ვალენსიას” ლეგენდამ (1997-2006) ამადეო კარბონიმ თქვა: „ვფიქრობ, გონსალო გედეშის გასახსნელად ჟოზე მოურინიუ იდეალური მწვრთნელია.

გასულ სეზონში გონსალოს ტრავმა აწუხებდა და მთლად კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ახლა ძველებურად დაქრის. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, კლასიკური გარემარბია, რომელსაც მოედანზე შეუძლია აკეთოს ყველაფერი. ის კარგად ხედავს მოედანს, აქვს საუცხოო დრიბლინგი. ამ ბიჭს თავისი შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არ უჩვენებია. მას ჯერ კიდევ ბოლომდე გამოთლა სჭირდება”.