ხორვატმა ივან რაკიტიჩმა „კამპ ნოუზე” ფორმა გაიხადა და „ბარსელონას” ქომაგებს უსახსოვრა. ეს გახლდათ ნახევარმცველის პირველი დაბრუნება იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვისაც მან 2014-20 წლებში ოთხჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ მოიგო „სამეფო თასი”, ერთხელ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ უეფას სუპერთასი აღმართა და ერთხელაც კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შარშან, როდესაც ვეტერანმა განშორების შემდეგ ამავე სარბიელზე ფორმალურად პირველად გააგორა ბურთი, კოვიდ-რეგულაციების გამო ტრიბუნაზე არავინ იჯდა.
თუმცა, წუხანდელი დაბრუნება რაკიტიჩისთვის მოგონებების საღამო არ ყოფილა. ის ბარსელონაში ჩავიდა როგორც „სევილიას” ფეხბურთელი და მნიშვნელოვან შეხვედრაში 0:1 წააგო. მატჩის გმირი კი გახლდათ 19 წლის ბარსელონელი… უფრო სწორად ტენერიფელი ფეხბურთელი პედრი, რომელმაც თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში პედრის მიერ მოტყუებული ორი მეტოქიდან პირველი სწორედ რაკიტიჩი იყო.
2015 წელს ხორვატმა, რომელიც დღეს 34 წლის არის, „ბლაუგრანას” შემადგენლობაში ეგრეთწოდებული ტრებლი მოიგო. სულ კი „ბარსელონას” მაისურით ივან რაკიტიჩმა 13 ტიტული მოიპოვა.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, „ბარსელონა” ქულების რაოდენობით „ატლეტიკოსა” და „სევილიას” გაუტოლდა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს. „ბარსა” მეორე ადგილზეა და 12 ქულით ჩამორჩება „რეალს”. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 („ბარსელონასთვის” 9) ტურია.