„ვალენსიამ” შინ „კადისთან” 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის” ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა” ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩინებულად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. შეხვედრის ბოლოს ის ეგრეთწოდებულ „მატჩის მეფედ” ანუ ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გაზეთ AS-ის ჟურნალისტი კონრად ვალი მატჩის მისეულ მიმოხილვაში ერთ აბზაცს სწორედ ვალენსიელთა მეკარეს უძღვნის და გადავწყვიტეთ, ეს აბზაცი გადმოვაქართულოთ:
„ბორდალასის განკარგულებაში ახლა უკვე ყველა მეკარე იყო და მან არჩევანი კვლავ მამარდაშვილზე შეაჩერა. პირადად მეც ქართველს ვქომაგობ. ჯასპერ სილესენის ვაფრთხილებდი, რომ მას „ლა კარტუხაზე” დანიშნული „სამეფო თასის” ფინალისთვის მოსამზადებლად 20 დღეღა რჩებოდა. რასაკვირველია, მამარდაშვილი ჰოლანდიელს იოლად არაფერს დაუთმობს. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ვალენსიამ” გოლების გაშვება მისი თამაშის წყალობით შეწყვიტა — გუშინდლის მაგვარი მოგერიებების წყალობით, როდესაც ნეგრედოს თავური დარტყმა აუღო. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც „მესტალიაზე” გაახსენდათ, რომ მოედანზე მეკარეც იყო. ლედესმა („კადისის” მეკარე) კი საერთოდ არ ჩარეულა თამაშში, რადგან მაქსის დარტყმის შემდეგ მისი საქმე ხარიხამ შეასრულა. ეს იყო ვალენსიელთა ერთადერთი ღირებული დარტყმა, რომელმაც ტრიბუნებზე შეძახილი გამოიწვია”.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ შეიძლება „მესტალიას” მოედანზე მეკარის ყოფნა მხოლოდ ერთხელ გაახსენდა, მაგრამ საქართველოში ჩვენი ნაკრების წევრის თამაშს გაცილებით გულდასმით ვუყურებდით და ძალიან მოგვეწონა მისი გამოსვლებიც, ფეხით თამაშიც (გარდა ერთი ეპიზოდისა, როდსაც ბურთი „კადისის” მოპრესინგე მოთამაშეს მოხვდა) და მოგერიებებიც — რეალურად გიორგი ამ მატჩში სამ სხვადასხვა სირთულის დარტყმას გაუმკლავდა.