საქვეყნოდ ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ვერაგ დაავადებას, პროსტატის კიბოს ებრძვის. 70 წლის სპეციალისტი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში.
კვირას, „ალკმაარის”, „აიაქსის”, „ბარსელონას”, „ბაიერნისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სატელევიზიო გადაცემაში რომელსაც ჰქვია Humberto, თავისი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა.
ვან გაალმა თქვა, რომ უკვე ერთი ხანია რაც მკურნალობს, მაგრამ გასულ სანაკრებო კვირაში ფეხბურთელებისთვის ამის თქმა არ უნდოდა. ის შიშობდა, რომ თავისი გულწრფელობით მოთამაშეებს დანიასა და გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადებაში ხელს შეუშლიდა.
„მათ ჩემი ავადმყოფობის შესახებ არ იციან. ისინი ხედავენ, რომ ღაჟღაჟა ლოყები მაქვს და ფიქრობენ, რომ ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ასე არ არის. ვფიქრობ, სამსახურში ხალხს ასეთი რამ არ უნდა უთხრა, რადგან ამან შეიძლება მათ გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე იმოქმედოს. პროსტატის კიბოსგან ახლავე არ მოვკვდები. ყოველ შემთხვევაში, ოთხმოცდაათ პროცენტ შემთხვევებში ასეა. მოკვლით, როგორც წესი სხვა მძიმე დაავადებები კლავს, მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ საკმაოდ აგრესიული ფორმა მაქვს. მე ოცდახუთჯერ გავიკეთე დასხივება. იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელო, ყოველი დღის მართვა და რეჟიმის დაცვა მჭირდება.
საავადმყოფოში პატივი მცეს და უკანა კარიდან მიშვებდნენ, შენობაში შესული კი სწრაფად გავყავდით გვერდით ოთახში.
ის, რომ ამბავმა ამდენ ხანს არ გაჟონა, ჩემს გარშემო მყოფ ხალხზე მეტყველებს”.
ვან გაალმა თავისი ავადმყოფობის ამბავი ახლა იმიტომ გათქვა, რომ ამ კვირაში შედგება მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა. ლეგენდარული მწვრთნელი მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობს, აპირებს ნიდერლანდების ნაკრებს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, როდესაც ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა, მწვრთნელობასაც დაანება თავი, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა პროფესიას.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვან გაალის ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.