Qatar sells the most expensive beer in the world, with a pint of Heineken at £11.50ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებსაც დიდ შეჯიბრებებზე ჩვეულებრივ ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. წესით ასე უნდა მოხდეს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ თავი იჩინა ერთმა დამაბრკოლებელმა გარემოებამ — არაბები მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ თამაშის ბილეთი ექნებათ.

ბრიტანეთიდან მუნდიალზე ინგლისის ნაკრების გარდა შეიძლება უელსის ან შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გაემგზავროს. უელსის და შოტლანდიის ამბავი ფლეი-ოფის შემდეგ გაირკვევა. ასეა თუ ისე, გაერთიანებული სამეფოდან ყატარს წესითა და რიგით ბევრი სტუმარი უნდა ეწვიოს, მაგრამ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ამ ხალხს ხელთ უნდა ჰქონდეთ ბილეთი და ფიფას ID. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჯერად ბრიტანელებს არ გაუვათ ტრადიციული ქცევა: ქვეყანაში ათასობით ჩასვლა, ლუდხანების მასობრივი „ოკუპაცია” და ბილეთზე შემდეგ ზრუნვა.

პრინციპში, ყატარელთა ამ გადაწყვეტილებაში ანტიბრიტანული არაფერია. უბრალოდ მათ პატარა ქვეყანა აქვთ და უბილეთო ხალხის დაბინავება იაფფასიან სასტუმროებშიც კი არ შეუძლიათ. ყატარის მოსახლეობა სამ მილიონზე ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ყატარი ძვირი ქვეყანაც არის. ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ მათ ტურისტს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდისთვის მხარის დასაჭერად ყატარში ჩავა, ღამეში 9 000 გირვანქის დახარჯვა მოუწევს.

ინგლისელები უკმაყოფილონი არიან ალკოჰოლური სასმელების ფასითაც. ერთი პინტა „ჰეინეკენი” 11,50 გირვანქა ღირს, ერთი ჭიქა ღვინის ფასი კი 11 გირვანქა ყოფილა.

დისკომფორტია ისიც, რომ ლუდის დასალევად სტადიონებზე და ზოგადად ქალაქში სპეციალური ზონები იქნება გამოყოფილი.

როგორც მოგახსენეთ, ფანებს მოუწევთ თან იქონიონ თამაშის ბილეთები, რომელთა ფასი შესაძლოა 724 გირვანქამდეც კი ადიოდეს და ხელთ უნდა ჰქონდეთ შინ დასაბრუნებელი ავიაბილეთი — ესეც, 1063 გირვანქა.