„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:1 ითამაშა, ხოლო გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა მისი ოთხეულში მოხვედრა გამოიტირა. ანგარიში 63-ე წუთზე სტუმარმა კელეჩი იჰეანაჩომ თავური დარტყმით გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ფრედმა გაქვითა.

ახლა, მეექვსე პოზიციაზე მყოფ „იუნაიტედს” მეოთხეზე მყოფ „არსენალზე” სამი ქულით ნაკლები აქვს. ერთი შეხედვით, სამი ქულის გაბათილება შეუძლებელი არ არის, მაგრამ მანკუნიანელებს ორი თამაშით მეტიც აქვთ ჩატარებული. ასეთი ცხრილის შემყურე ნევილი კი ამბობს, რომ მისი ყოფილი გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

„დიახ, მე ასე ვფიქრობ”, — თქვა ნევილმა „სქაი სპორტის” ეთერში, როდესაც მას სტუდიიდან ჰკითხეს, დამთავრდა თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედის” ბრძოლა ოთხეულში მოსახვედრად.

ნევილი: „დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სანაკრებო კვირეულის შემდეგ ფეხბურთელები კლუბს კვლავ ცხვირჩამოშვებულები დაუბრუნდნენ. მე კი მეგონა, რომ ისინი თავიანთ ეროვნულ გუნდებში გადაერთვებოდნენ, „იუნაიტედის” პრობლემებიდან ცოტას დაისვენებდნენ და სიცოცხლე დაეტყობოდათ. თუ ეს გუნდი ასე აპირებს გაგრძელებას, მაშინ ფანებს გაწბილების ორი თვე ელით.

დღეს კლუბს ბევრი გაურკვეველი საკითხი დაუგროვდა. ლაპარაკობენ ჰარი მაგუაირის, მარკუს რეშფორდის, კრიშტიანუ რონალდუს, ედინსონ კავანის და მწვრთნელის რალფ რანგნიკის წასვლაზე. ბოლოს და ბოლოს, გადადის სეზონის ბოლოს რანგნიკი კონსულტანტის პოზიციაზე თუ მწვრთნელად რჩება?

არა, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” შემყურე არ გავბრაზებულვარ. მე აღარ ვბრაზდები. ვფიქრობ, ფანებიც აღარ ბრაზდებიან. ჩვენ გაბრაზების ეტაპი უკან მოვიტოვეთ. ის, რასაც ეს გუნდი თამაშობს, მოსაწყენია და მეტი არაფერი.

დღევანდელ შეხვედრაში საერთოდ არაფერი იყო საინტერესო. გულწრფელად მწამს, რომ ფეხბურთელებს არ უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ მიმართულება აქვთ დაკარგული. ეს კლუბის ყველაზე ზედა ეშელონებიდან მოდის”.