
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრიი პავლენკო დოჰაში მიმდინარე ფიფას კონგრესს კიევიდან ჩაერთო. მას ჯავშანჟილეტი ეცვა.
პავლენკოს სიტყვაში დანთებულ ცეცხლს ნავთი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლისე კლავენესმა დაასხა. ის არც მასპინძლების კრიტიკას მოერიდა, ფიფასაც კარგად გაჰკრა კბილი და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც შეეხო.
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარბაზში ისხდნენ და ყველაზე დიდი დისკომფორტი, სავარაუდოდ, პავლენკოს სიტყვის მოსმენისას შეექმნათ. ალბათ, ესეც არ უნდოდათ.
პავლენკომ თქვა: „ჩვენ გვწამს, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ზურგს სიმართლე გვიმაგრებს. დაე, ჩვენს ქალაქებში გულშემატკივართა სიმღერების ნაცვლად განგაშის სიგნალები არ ისმოდეს. დაე, ბრძოლები გაიმართოს სტადიონებზე, ხალხით სავსე ტრიბუნების წინ და არა ქუჩებში, იარაღით ხელში. დაე, ყუმბარების ნაცვლად გოლით გახარებული მაყურებლის აღტაცების ხმა ისმოდეს. მწამს, ეს ასეც მოხდება”.
კლავენესმა კი ასე ბრძანა: „2010 წელს, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიუღებელი გზებით გასცა. მას არ გაუთვალისწინებელია, რომ ამას შედეგებიც მიუღებელი მოჰყვებოდა. აქ, ყატარში, მრავალი წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო ადამიანთა უფლებები, თანასწორობა, დემოკრატია და ფეხბურთის ძირეული ინტერესები. ისინი სათადარიგოთა სკამზე ჰყავდათ და ყურადღებას არავინ აქცევდა.
იმ მუშების ოჯახებზე, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაში დაიღუპნენ ზრუნვაა საჭირო. საჭიროა ზრუნვა დასახიჩრებულებზეც”.
შემდეგ, ნორვეგიული ფეხბურთის ხელმძღვანელმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს უკრაინაში მიმდინარე ომზე ნელი რეაგირება უსაყვედურა.
„ჩვენთან, ევროპაში ომი მძვინვარებს. უაზრო ბრძოლებმა უდანაშაულო ხალხი იმსხვერპლა. მსოფლიოს წინა ჩემპიონატის მასპინძელი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს დაესხა თავს. ამაზე ფიფამ რეაგირება დააგვიანა. მან ნაბიჯი მხოლოდ მას მერე გადადგა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა მოუწყო. არადა, ფიფა მოვლენების ბოლოს კი არ უნდა მიჩანჩალებდეს, ლიდერთა შორის უნდა იყოს”, — თქვა მან.
ლისე კლავენესის დამუხტულმა გამოსვლამ დარბაზში ბევრი გააღიზიანა. რატომღაც თავი გამოიდო ჰონდურასის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ხოსე მეხიამ, რომელმაც თქვა, რომ ქალბატონმა კლავენესმა თავისი გამოსვლისთვის ტრიბუნა სწორად ვერ შეარჩია.
აღშფოთდა ყატარის უმაღლესი კომიტეტის გენერალური მდივანი ჰასან ალ-ტავადიც.
„ეს ქალბატონი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ჩვენთან არც კი გაუვლია კონსულტაცია, ისე გამოვიდა თავისი სიტყვით”, — თქვა მან. ალ-ტავადიმ აგრეთვე დაიცვა ინფანტინო. მან ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების დამტკიცება მოითხოვა.
რუსმა ანდრეი სოროკინმა კი უკრაინელი კოლეგის გამოსვლის პასუხად ასე თქვა: „მესმის, მათთვის ახლა ძნელი დროა, მაგრამ მე აქ პოლიტიკაზე და სამხედრო მოქმედებებზე სალაპარაკოდ არ ჩამოვსულვარ. ჩვენ არსად გავიქცევით. ჩვენ არ ვიმალებით. ჩვენ აქ ყოფნის სრული უფლება გვაქვს”.
და სოროკინი არათუ არ დამალულა, არამედ ევრო 2028-ის მასპინძლობაზეც კი თქვა გადაკვრით.





