ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ყატარში სასტუმრო შეარჩია. დოჰადან 15 კილომეტრში, მეთევზეთა დასახლება ალ ვაკრაში მდებარე ამავე სახელწოდების ოტელი ისევე, როგორც ინგლისელთა წინა ორი სასტუმრო — 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე — აღჭურვილია ავტოსიმულატორით, ფლეისთეიშენით, მაგიდის ჩოგბურთით, აუზითა და დართსით.
თუმცა, ინგლისელებს, როგორც ყოველთვის, აქვთ პრობლემაც. ჩვეულებრივ, მონდიალებზე, თამაშის წინა დღეს გუნდები მიემგზავრებიან იმ ქალაქში, სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს და შესაბამისად ღამესაც ახალ ადგილას ათევენ. ყატარი კი იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ასე ვერ მოხდება. ნაკრებებს თამაშებზე თავიანთი ბაზიდან მოუწევთ სიარული. შესაბამისად, შეიძლება წარმოიქმნას ფსიქოლოგიური პრობლემა — აბარგება და სხვა ქალაქში გამგზავრება განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ხოლო ბაზიდან ჩვეულებრივ გასვლამ, თითქოს სავარჯიშოდ მიდიხარ, შეიძლება საბრძოლო განწყობა შეამციროს.
საუთგეიტი: „ის, რომ ნაკლები მოგზაურობა მოგვიწევს, ერთი მხრივ კარგია. ნაკლები დრო დაგვეხარჯება, ფრენა არ დაგვჭირდება, დროის სარტყელს არ შევიცვლით, თუმცა განწყობის თვალსაზრისით ამან შეიძლება იმოქმედოს. ფეხბურთელებს საკუთარი თავის მომართვა მოუწევთ. მათ უნდა შეიქმნან განწყობა, რომ გუშინდელივით ვარჯიშზე კი არ მიდიან, არამედ თამაში აქვთ”.
ოთხი წლის წინ, რუსეთში, რეპინოში, ინგლისელების ვარჯიშებს დიდი ბრიტანეთიდან ჩასული 120 ტელევიზია აშუქებდა.
საინტერესოა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთში, შანტელიში, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სასტუმროში ბალიშები გამოაცვლევინა. ფრანგული ბალიშები მეტისმეტად ფუმფულააო. ტრადიციული ინგლისური ბალიშები მართლაც ბრტყელი და მკვრივია.
მაშინ, საუთგეიტმა კონდიციონერებიც დაიწუნა, მეტისმეტად ძლიერად უბერავენო და ფეხბურთელები გააფრთხილა ოთახებში საიდუმლო არ ეთქვათ. ისიც კი არ წამოცდენოდათ, კარგად ვინ ცურავს და დართსს ვინ თამაშობს სხვებზე უკეთ.
თავის მხრივ, ფრანგული სასტუმროს პერსონალმა ინგლისელთა ნომრებში ჭაღები შეცვალა. თურმე ისინი ძალიან დაბლა ეკიდა და მასპინძლები შეშინდნენ, რომ ფეხბურთელები მათ ჩამოეკიდებოდნენ.
2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, რუსტენბურგში, როდესაც ინგლისის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო იყო, გუნდი მოწყენილობას უჩიოდა.