სერხიო აგუეროს ჯერ კიდევ ჰქონია იმედი, რომ კარიერას განაგრძობს — არგენტინელმა თქვა, რომ ერთი კლუბი დაუკავშირდა კიდეც.
33 წლის აგუერო იძულებული გახდა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა. მიზეზი: ოქტომბერში, „ბარსელონასა” და „ალავესის” შეხვედრაში გულის შეტევა მოუვიდა. დეკემბერში თავდამსხმელმა ექიმების რჩევით ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
„მანჩესტერ სიტის” ლეგენდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში” გადავიდა, „ალავესთან” თამაშის შემდეგ საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც არითმიის დიაგნოზი დაუსვეს.
„კამპ ნოუზე” გამართული პრეს-კონფერენციისა და გულშემატკივართან ემოციური გამოთხოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „კუნს” კვლავ მოედანზე დაბრუნებისკენ უჭირავს თვალი. აგუერომ TYC Sports-თან ინტერვიუში თქვა:
„გუშინ ვიფიქრე, რომ კიდევ შემიძლია თამაში. ადრე „ინტერ მაიამიმ” შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ მაშინ ვიუარე. ექიმებმა მითხრეს, რომ ხუთი-ექვსი თვე საერთოდ არ უნდა მეაქტიურა, მაგრამ უკვე ვარჯიში მენატრება”.
„ინტერ მაიამი” ამერიკული კლუბია, რომლის ნაწილობრივი მეპატრონეც დევიდ ბექემი გახლავთ. როგორც ესპანური გაზეთი „მუნდო დეპორტივო” წერს, ბექემს ორ წელიწადში ლეო მესის გადაბირება აქვს დასახული მიზნად. მაიამელები აპირებენ თავიანთ შემადგენლობაში ერთად ათამაშონ აგუერო, მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი.