Mo Salah was targeted with laser pens in shocking scenes at the World Cup qualifier against Senegalმო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა.

მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდა. მაყურებელიც შესაბამისად იქცეოდა — თავისი ქვეყნის გუნდს ქომაგობდა, თუ, რასაკვირველია, ხულიგნობას ქომაგობა ეწოდება.

სალაჰი გასახდელში უსაფრთხოების თანამშრომელთა თანხლებით შევიდა. ამ დროს ტრიბუნიდან მისი მიმართულებით სხვადასხვა ნივთები მოფრინავდა.

შეხვედრის ძირითადი დრო სენეგალმა მოიგო, 1:0. ამის გამო დაინიშნა დამატებითი დრო, რაც საბოლოოდ პენალტებამდე მივიდა. პენალტებით, როგორც ავღნიშნეთ, სენეგალმა მოიგო.

უნდა ითქვას, რომ ფიფა კარგა ხანია ცდილობს სტადიონებზე ლაზერული ფარნების შეტანა აკრძალოს. ოფთალმოლოგები გულშემატკივრებს სერიოზულად აფრთხილებენ, რომ მათ ფეხბურთელის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ექიმები ამბობენ, რომ სხივის რამდენიმე წამიანმა მიშუქებამაც კი შეიძლება შეარყიოს ადამიანის ჯანმრთელობა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სენეგალელი ხულიგნების საქციელი ეგვიპტელი ხულიგნების ქცევის პასუხი იყო. პირველ შეხვედრაში, ქაიროში ისინი ცდილობდნენ სტუმარი გუნდის მოთამაშეების დაბრმავებას.