1 აპრილს დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა გაიმართება. ოღონდ, 32 ნაკრები ხომ უნდა იყოს გასული? იმ დროისთვის 29 იქნება გასული და 3 ადგილი ვაკანტური დარჩება. ის სამივე ოთხი კალათიდან ბოლოში, მეოთხეში იქნება…რომელი სამი, ეს ახლა ვთქვათ:
ივნისში შოტლანდია-უკრაინას შორის მოგებული შეხვდება უელსს. ამ სამიდან ერთ-ერთი გავა მონდიალზე. პლუს, ორი ფლეი-ოფი იქნება მუნდიალზე გასასვლელად. ეს 4 გუნდი გაითამაშებს 2 ადგილს. ივნისში სამხრეთ ამერიკის ზონის მეხუთე ნაკრები ანუ პერუ, აზიის მეხუთე ნაკრებს შეხვდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ზონის მეოთხე ნაკრები ოკეანეთის პირველი ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას…
მოდით, პირობითად დავწეროთ, რომ ეს ორი გასული იქნება პერუ და კოსტა რიკა.
1 აპრილის წილისყრისას გათვალისწინებული იქნება ფიფას რეიტინგი, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდება. ყატარი მასპინძელია და ავტომატურად პირველ კალათაში მოხვდება, დანარჩენი 7 პირველკალათოსანი კი რეიტინგის პირველი შვიდეულიდან იქნება.
ამ დროისთვის ეს 7 ნაკრებია: ბრაზილია, ბელგია, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია… ამ დროისთვის ასეა, მაგრამ ახლა შესარჩევებია, ამხანაგურებია.
წუხელ იყო ნიდერლანდები-გერმანიის ამხანაგური (1:1). არცერთი ეს ნაკრები არაა პირველ კალათაში, მაგრამ შესაძლოა, იქ მოხვდნენ მაინც. თუ პორტუგალიას, ესპანეთს, ან რომელიმეს გაასწრებენ. ასე რომ, ნიდერლანდები-გერმანიის თამაში ამხანაგურის სტატუსს სცდებოდა (ჯერ ისედაც არ აქვთ ტკბილი-მურაბა ურთიერთობა).
მოკლედ, ბრძოლაა სავარაუდო პირველი კალათისთვის…
შეზღუდვები? ერთ ჯგუფში 2-ზე მეტი ევროპული ნაკრები ვერ მოხვდება…
ევროპის გარდა, ვერცერთი კონფედერაციის ორი გუნდი ერთად ვერ მოხვდება. ყველანი ცალკე.
მაგალითად, ჯგუფში ერთად ვერ იქნებიან განა-მაროკო, ყატარი-იაპონია, ბრაზილია-ურუგვაი და ასე შემდეგ…
თუმცა ეს ადრეც ასე იყო, სიახლე არაა. ამ დროისთის, კალათები და რეიტინგი როგორც არის, ასეთი სიკვდილის ჯგუფი შეიძლება მივიღოთ: ბრაზილია, გერმანია, ხორვატია, კოსტა რიკა…





