Image: PA41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია!

მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის.

ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა. სენეგალის ნაკრებში მან 70 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

დიუფმა სალაჰს სთხოვა, „რეალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად ცდუნებას არ აჰყვეს და „ლივერპული“ არ დატოვოს. ვეტერანი დარწმუნებულია, რომ „შავი კონტინენტის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი „წითლებთან“ ერთად მეტ ფულსაც იშოვის და მეტ ტიტულსაც მოიპოვებს.

მო სალაჰი 29 წლისაა.

დიუფმა beIN SPORTS-თან ინტერვიუში თქვა: „რად უნდა ლაპარაკი, რომ „ლივერპული“ სალაჰის მოთხოვნებს უნდა დაჰყაბულდეს. მეორე მხრივ, მე რომ სალაჰი ვიყო, „ენფილდიდან“ წასვლაზე არც ვიფიქრებდი. ის და სადიო მანე კლუბის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ერთად უამრავი ჯილდოს მოპოვება შეუძლიათ. ფულსაც „ლივერპულში“ უფრო მეტს იშოვის.

„რეალში“ რომ გადავიდეს, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს“.

რამდენადაც ცნობილია, მო სალაჰი მერსისაიდულ კლუბს კვირაში 400 000 გირვანქას სთხოვს.