Image credit: Alamyროდესაც „ავივა სთედიუმზე“, ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის (2:2) დროს ტაბლოზე სტუმართა ასისტენტი მწვრთნელი, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი გამოისახა, ტრიბუნებმა გამაყრუებელი ღრიანცელი მოაწყეს.

ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ 2009 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ფლეი-ოფში ერთმანეთს საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები ხვდებოდნენ. იმ დღეს ანრიმ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ხელით გაისწორა და ვილიამ გალასს ისე მიაწოდა საგოლე პასი. გალასმა ანგარიში 2:1 გახადა, რის წყალობითაც ფრანგები მონდიალზე გავიდნენ.

მაშინ ანრის დიდი პრობლემები დაატყდა თავს. და აი, 12 წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ირლანდიელ გულშემატკივარს ძველი წყენა არ დავიწყებია.

შარშან, რობი ფაულერის პოდკასტში ანრიმ გაიხსენა, რომ მას ემუქრებოდნენ და ქალიშვილისთვის პირადი მცველის დაქირავებაც კი დასჭირდა.

„ეშმაკმა შემაცდინა. OK. ამას ვაღიარებ. მეკითხებით ვამაყობ თუ არა ჩემი საქციელით? არა! მაბულინგებდნენ თუ არა ირლანდიელი ფანები? დიახ!

ძნელია ამ ყველაფრის ემოციის გარეშე მიღება, რადგან ზოგადად თაღლითი ფეხბურთელი არ ვიყავი, მაგრამ შეცდომის მერე თავს გამართლებაც არ გამოდის. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება, მაგრამ თავის გამართლება მაინც არ გამომივა.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ ხალხის თანაგრძნობა გამოვიწვიო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმ დღის მერე მუქარის წერილებს ვიღებდი. ჩემს ქალიშვილს მთელი ორი კვირის განმავლობაში სკოლაში პირადი მცველი აცილებდა. მეშინოდა, რადგან მწერდნენ, რომ იცოდნენ სად ვცხოვრობდი. ინგლისელებმა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მე ბარსელონაში ვიყავი, ჩემი შვილი კი ისევ აქ იყო, ლონდონში“, — თქვა ანრიმ.

2015 წელს Canal Plus-თან ინტერვიუში ანრიმ უშუალოდ ის სკანდალური ეპიზოდიც გაიხსენა:

„თქვენ მელაპარაკებით ხალხზე, ვისთან ერთად მოედანზე ბევრი დრო გამიტარებია. მე მათ მოვუბოდიშე. ვუთხარი, დიახ, ხელით ვითამაშე, მეთქი და როგორ გგონიათ, რა მიპასუხეს? მითხრეს, რომ ბრალს არაფერში მდებდნენ.

გულწრფელად ვამბობ, რეფლექსურად მომივიდა. ეს იყო ბრძოლაში ჩართული კაცის საქციელი. ეს იმას ჰგავდა, შენს მეკარეს რომ მოატყუებენ და ცარიელ კარში დაარტყამენ, შენ კი გადახტები და ხაზიდან ბურთს ხელით გამოიტან.

როდესაც ახალგაზრდა მესიმ „ესპანიოლს“ ხელით გაუტანა, ხალხმა თქვა, რომ ის გენიოსია და ამ საქციელით მარადონას მიუახლოვდა. ჩემზე კი ისე ლაპარაკობდნენ გეგონება კაცი მოვკალი“.

2009 წელს, თამაში რომ დამთავრდა, ანრი „მანჩესტერ სიტის“ მცველ რიჩარდ დანის გვერდით ჩამოუჯდა. ეს ამბავი დანიმ 2019 წელს გაიხსენა:

„იმ მომენტში არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთი დონის შეხვედრაში მართლა მოხდა ამგვარი რაღაც, მაგრამ თამაში რომ დამთავრდა, ის მომიჯდა და მითხრა, რომ ხელით ითამაშა. მაშინ გავიფიქრე, ახლა რატომ მეუბნები ამას? ხელით თუ ითამაშე 20 წუთის წინ უნდა გეთქვა. იმაში, რომ ვინმე დაგვიანებით მოვა და ხელით თამაშს აღიარებს, მის გასამართლებელს ვერაფერს ვხედავ.

120 წუთიანი თავდადების მერე, როდესაც ძალ-ღონე გამოცლილი მოედანზე დავჯექი, ყველაზე ნაკლებად შუა „პარკ დე პრენსზე“ ჩხუბი მინდოდა. არადა, მგონი მიკ მაკარტიმ მისაყვედურა, რატომ არ დაარტყიო.  ასეთ დროს როგორ არის იცით? დაარტყამ თუ არა, იმწუთასვე ხვდები, რომ შენც არასწორად მოიქეცი.

ჩხუბს აზრი არ აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მის ადგილზე, ჩვენც ასევე მოვიქცეოდით“.