კრისტიან ერიკსენი შარშანდელი გულის შეტევის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ინგლისური „ბრენტფორდის“ 30 წლის ვარსკვლავი საკლუბო დონეზე იმდენად ეფექტურად ათამაშდა, რომ დანიის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს.

კაცმა რომ თქვას, დანიელი ვარსკვლავის ამ შეხვედრაში მონაწილეობა კოვიდის გამო მაინც საეჭვო იყო. ავადმყოფობის გამო მან „ლესტერთან“ „ბრენტფორდის“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ საბედნიეროდ დროულად მოშუშდა და კასპერ ჰიულმანდმა ამსტერდამში იახლა.

და ნაკრებში მისი ზღაპრული დაბრუნების ამბავი ნიდერლანდებისა და დანიის ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა, რომელიც „იოჰან კრუიფ არენაზე“ მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. ერიკსენი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და შესვლიდან ორ წუთში შეაგდო. მისმა გოლმა ანგარიში 3:2 გახადა.  ეს იყო ოსტატურად შესრულებული კლასიკური კომბინაცია, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ: ანდრეას სკოვ ოლსენი მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა, ბურთი უკან, შუაში დააგორა და იქ, ერიკსენმა დაყენებული დარტყმით ის მაღალ კუთხეში დაუმიზნა.

„იოჰან კრუიფ არენა“ კრისტიან ერიკსენისთვის უცხო სარბიელი არ არის, ის „აიაქსში“ სამი წელიწადი თამაშობდა.

ერიკსენი ნაკრებში ბოლოს 287 დღის წინ, იმ ავბედით დღეს თამაშობდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, ფინელებთან შეხვედრის დროს გულის შეტევა მოუვიდა.

ჰოლანდიისა და დანიის მატჩის მეორე ტაიმში, როდესაც „ტოტენჰემისა“ და „ინტერის“ ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც გულში კარდიოსტიმულატორი უდგას, მოედანზე შევიდა, მთელი სტადიონი მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და მის საპატივცემულოდ ოვაცია მოაწყო. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 3:1.

პირველი გოლი მე-16 წუთზე სტივენ ბერგვაინმა გახსნა, მაგრამ ოთხ წუთში იანიკ ვესტერგაარდმა ანგარიში გაქვითა. 29-ე წუთზე ნათან აკემ ნიდერლანდები კვლავ დააწინაურა, 38-ე წუთზე კი მემფის დეპაიმ პენალტით მესამე გოლი შეაგდო.

ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ ერიკსენმა შეამცირა სხვაობა, 71-ე წუთზე კი კვლავ ბერგვაინმა გამოიჩინა თავი და შეხვედრას წერტილი დაუსვა.