ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად.
მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს.
ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა შეხვედრებში, რაც ნაკრებში ჰქონდა, პროდუქტიული ვერ იყო და ეს გოლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუდუმ კარგი გოლი გაიტანა, რომლის შემოქმედიც… რა გამოსაცნობია, ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ.
კვარაცხელიაზე ცალკე: იყო საშიშროება, რომ ამ ნერვიულობის ფონზე მატჩს ჩააგდებდა. მომენტებში შეიძლებოდა ასეც გეფიქრა, მაგრამ ნაკრებმა სულ 4 მწვავე მომენტი შექმნა და ოთხივე მისი წამოწყებული. ანუ, კვარაცხელიაზე ძალიან არის დამოკიდებული საქართველოს შეტევა. ეს კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც. სწორედ მან შექმნა განსხვავება.
დაცვა – შედარებით სუსტი წერტილი, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გავუშვით. სისწრაფეში ხშირად აგებდნენ. სავარაუდოდ, სანიოლს ფლანგებზე კადრების გადახედვა მოუწევს. გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა. სისწრაფე – როგორ ჭირს სწრაფად კომბინაციის დაწყება, სწრაფად გათამაშება, თუ მაინცდამაინც ხვიჩას არ აქვს ბურთი. თუმცა სიტყვა „შედარებით“ ტყუილად არ გვიხმარია: დაცვაში შეცდომებს ბოსნიაზე უკეთესი ნაკრები ჩვენებს არ აპატიებდა.
მთლიანობაში, თამაში არ ყოფილა კაშკაშა, სანახაობრივი, მაგრამ შედეგი მშვენიერია – საქართველომ მოიგო და თან, ზედიზედ მეოთხედ… 1997-1998 წლებში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო ნაკრებმა: ჯერ დავით ყიფიანის, მერე ვლადიმერ გუცაევის დროს, აი, მალტიდან ჩამოტანილი „როტმანსის თასი“ ხომ გახსოვთ… იქიდან მოყოლებული, ერთხელ იყო რომ ვლადიმირ ვაისმა მოიგო ზედიზედ ოთხჯერ, ოღონდ შედარებით სუსტ ნაკრებებთან…
მოკლედ, კარგი სერიაა. ნეტავ გაგრძელდეს, ნეტავ. რაც მოგვწონს, უკვე აღარ გვეშინია – სანიოლის გუნდს თითქოს ჩამოუყალიბდა, რომ მაჩანჩალას სტატუსი მოხსნილი აქვს. ეს ცოტას არ ნიშნავს, თუმცა სტაბილურობის სახე უნდა მიიღოს.