Image credit: PAერთი თვეც არ გასულა მას მერე, რაც არგენტინელი მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს და აი, ის უკვე ახალ სამსახურში აჰყავთ — 66 წლის სპეციალისტი, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა მიიჩნევს თავის მენტორად და გურუდ, ბოლივიის ნაკრებს სურს.

არადა, ბიელსა „ლიდსმა“ ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაუშვა. ამ უიღბლო პერიოდის გამო გუნდი სახიფათოდ მიუახლოვდა გასავარდნთა ზონას.

მეორე მხრივ, ის რომ თექვსმეტწლიანი განშორების შემდეგ ლიდსელთა გუნდი პრემიერლიგას დაუბრუნდა, სწორედ არგენტინელის დამსახურება იყო. არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების, „ბილბაოს“, „მარსელის“, „ლაციოს“, „ლილის“ და სხვა გუნდების ყოფილი თავკაცი მთელს საფეხბურთო მსოფლიოში გამოჩენილ მოაზროვნედ და ტაქტიკოსად ითვლება.

ბოლივიის ნაკრებმა კი ხუთშაბათს კოლუმბიასთან 0:3 წააგო და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვეღარ გადის. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გადაწყვიტეს, რომ ვენესუელელი სესარ ფარიასი თანამდებობიდან უნდა გაუშვან.

ბოლივიელთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანხელ ფერნანდო კოსტამ ინგლისურ გაზეთ „დეილი მეილს“ ასე აუხსნა:

„მე არ უარვყოფ, რომ ბიელსას დავუკავშირდით. ერთმანეთს ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყებასთან ძალიან ახლოს ვართ.

ბიელსას გარდა კიდევ შევეხმიანეთ რამდენიმე სპეციალისტს. მათ შორის სხვადასხვა ნაკრების თავკაცებიც არიან. ჩვენ ველით, რას შემოგვთავაზებენ ისინი. როგორც კი მაგიდაზე ვარიანტების დასტას დავაწყობთ, მათ განხილვას შევუდგებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რამდენი ფული გვაქვს ნაკრების თავკაცისთვის“.

ცნობილია, რომ მარსელო ბიელსას ბევრ ფეხბურთელთან მუშაობა არ უყვარს. ის მოთამაშეთა შედარებით პატარა ჯგუფებს ავარჯიშებს და თავის სტილს იმ შემთხვევაშიც კი არ უხვევს, თუ ისინი ბოლომდე ვერ ხვდებიან რას ითხოვს არგენტინელი.

მარსელო ბიელსას რისკიან ფეხბურთს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.