ვინ იცის, 2020 წლის 12 ნოემბერს იმ ხალხს, ვინც მიტინგებზე ადამიანთა უკონტროლო შეჯგუფების წინააღმდეგ მაინც ვერაფერს ხდებოდა, თბილისის სტადიონის კარი რომ გაეღო და ტრიბუნაზე დატესტილი გულშემატკივარი თუნდაც შეზღუდული რაოდენობით, სოციალური დისტანციის დაცვით დაესვა, განვითარების ახალ საფეხურზე ჩრდილო მაკედონიის კი არა, საქართველოს ნაკრები გადასულიყო. ერთი ფაქტია, რომ იმ, ჩვენთვის მწარედ მოსაგონარი ფინალის შემდეგ (რომელიც ფეხბურთის ღმერთებმა სულ ამაოდ გვიბოძეს თბილისში!) მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და დღეს სხვა ამოცანებს ისახავს: აგერ, წუხელ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა. იტალიელებს ასეთი რაღაც ზედიზედ მეორედ დაემართათ, არადა, ევრო 2020 (21)-ის ჩემპიონები არიან.

„სკუადრა აძურა“ ალექსანდარ ტრაიკოვსკიმ შინ მსაჯის წამატებულ წუთებზე, შორიდან დარტყმით დატოვა. ჯანლუიჯი დონარუმამ მის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა.

ახლა გამოდის, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილო მაკედონია პორტუგალიას უნდა შეხვდეს, ოღონდ ლისაბონში. კრიშტიანუ რონალდუმ და კამპანიამ წუხელვე თურქეთის ნაკრებს აჯობეს 3:1. რასაკვირველია, გუნდი რომელმაც იტალია მისავე მოედანზე დაამარცხა არც ამ მატჩში დათმობს რამეს, მაგრამ ფურცელზე ფავორიტი პორტუგალიაა.

იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა პალერმოში გაიმართა. ყურს ჭრის ის ფაქტი, რომ „აძურამ“ კარის მიმართულებით 32-ჯერ დაარტყა, თუმცა ჩარჩოში მხოლოდ ხუთჯერ დაუმიზნა — თერთმეტჯერ ააცილა, თექვსმეტჯერ კი ბურთს სტუმრები გადაეღობნენ. მაკედონიელთა შეუვალობა და თავდადება თვალსაჩინოდ იმ მომენტში გამოჩნდა, როდესაც ვისარ მისლიუმ დომენიკო ბერარდის დარტყმულს სხეულის მტკივნეული ადგილი დაახვედრა.

ამ მატჩში სტუმრების ბრძოლისუნარიანობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში ფეხბურთელების და გულშემატკივრის გასამხნევებლად იტალიის ჰიმნიც კი დაუკრეს.

მეტოქის მუხტით შეშფოთებულ რობერტო მანჩინის ეტყობა გულმა ცუდი უგრძნო და 90-ე წუთზე დაცვის გასაძლიერებლად ჯორჯო კიელინი შეიყვანა მოედანზე, მაგრამ ტრაიკოვსკის დარტყმას ვერც ვეტერანმა უშველა.