Diogo Jota scored a sensational header at the back postპორტუგალიისა და თურქეთის თამაში დრამატული გამოდგა. ანგარიში ამაზე თითქოს არ მიგვანიშნებს — კრიშტიანუ რონალდუმ და სხვა პორტუგალიელმა ვარსკვლავებმა ლისაბონში მეტოქეს 3:1 მოუგეს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ 85-ე წუთზე თურქებმა პენალტი ვერ გაიტანეს, არადა რომ გაეტანათ 2:2 ხდებოდა, დავრწმუნდებით, რომ შეხვედრას დრამატიზმი არ ჰკლებია.

ამ დღეს თურქთა ვეტერანი თავდამსხმელი 36 წლის ბუქარ ილმაზი, რომელიც ფრანგულ „ლილში“ თამაშობს, ჯერ გმირი გახდა, მერე კი ანტიგმირი. ოტავიოსა და დიოგო ჟოტას გოლებით პორტუგალიამ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში ილმაზმა ჯერ შეამცირა სხვაობა, ბოლოს კი პენალტი ააცილა.

90+4 წუთზე მათეუს ნუნეშმა მასპინძელთა მესამე გოლი გაიტანა, რითაც შეხვედრას წერტილი დაუსვა.

კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ორ გოლში გარკვეული მონაწილეობა მიიღო, მაგრამ თავად ვერ შეაგდო, არადა შესაძლებლობები ჰქონდა.

29 მარტს პორტუგალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ალექსანდარ ტრაიკოვსკის მიერ მსაჯის დამატებულ წუთებში გატანილი გოლით მაკედონიელებმა პალერმოში იტალიას მოუგეს 1:0.