„ვალენსიას“ მეკარეებიდან 23 აპრილს, „ლა კარტუხაზე“ ესპანეთის თასის ფინალში თამაშის ყველაზე მეტი შანსი გიორგი მამარდაშვილს აქვს. 21 წლის ქართველი გასულ ზაფხულს სამარქაფოდ ჩამოვიდა. ის ჯასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკის და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე კაცად მოიაზრებოდა, მაგრამ მისმა პროგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„მამარმა“ ჯერ კიდევ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული გამოიყენა ყველა ბოძებული შესაძლებლობა, ჩაატარა უფრო მეტი კარგი თამაში ვიდრე ცუდი და ხოსე ბორდალასის ნდობას მიაღწია. ის სეზონის მიმდინარეობასთან ერთად სულ უკეთეს და უკეთეს მეკარედ ყალიბდება. ის ხდება სულ უფრო ფხიზელი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და რაც მთავარია, ელიტური ფეხბურთის პრესინგის ქვეშ ღვინდება. მასზე კარგად მეტყველებს სტატისტიკა — ზედიზედ 387 წუთი გაშვებული გოლის გარეშე.

SUPER-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგები მოულოდნელი გამოდგა. კითხვა ასეთი იყო: პირადად თქვენ თუ ათამაშებდით ფინალში გიორგის? გამოკითხულთა 82-მა პროცენტმა თქვა, რომ დიახ, სევილიაში კარში მამარდაშვილს დააყენებდა. სილესენს ხმა მისცა 12-მა პროცენტმა, დარჩენილი 6 პროცენტი კი ხაუმეს ერგო. ამრიგად, ხალხის პოზიცია ნათელია, მაგრამ ბოლო სიტყვა მწვრთნელმა უნდა თქვას.

ჯასპერის დაბრუნება

სილესენმა თებერვალში კუნთებს შორის ჩამოყალიბებული თრომბის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ძალთა აღდგენის ბოლო ეტაპზეა. ბოლოს მან 19 იანვარს „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშა. ჰოლანდიელმა გამოტოვა ჩემპიონატის 8 და თასის 3 შეხვედრა. გასულ კვირას ის უკვე გუნდთან ერთად შეუდგა ვარჯიშს და კარგ განწყობაზეა, რადგან პროგნოზის თანახმად 3 აპრილს „კადისთან“ სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

ამრიგად, ბორდალასის განკარგულებაში რჩება ორი კვირა. სანაკრებო ფანჯრის დასრულებამდე მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს, თუ ვინ ითამაშებს თასის ფინალში. „ლა კარტუხაზე“ დანიშნულ შეხვედრამდე ოთხი მატჩია („კადისი“, „რაიო“, „ოსასუნა“ და „ვილიარეალი“) და ლოგიკურია, რომ ფინალში  „ვალენსიას“ კარს ის მეკარე დაიცავს, რომელიც მანამდე უფრო მეტ წუთს ჩაატარებს.

ფინალში თამაშის გამოცდილება

სილესენის სასარგებლოდ ის არგუმენტი მოქმედებს, რომ მას ფინალებში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს. ჯასპერი და გონსალო გუედეში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ვალენსიელებს შორის ყველაზე მეტი ფინალი აქვთ ნათამაშები. სილესენის ოთხი ფინალის საპირწონედ, გიორგის ასეთი გამოცდილება საერთოდ არ აქვს. ჰოლანდიელი 2017, 2018 და 2019 წლების ფინალებში „ბარსელონას“ კარს იცავდა (მათგან 2019 წელს „ვალენსიას“ წინააღმდეგ), მანამდე კი ნიდერლანდების თასის ფინალში „აიაქსის“ მეკარე იყო. მან ყველა ნახსენებ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. გარდა ამისა, სილესენმა კარგად იცის თუ რას ნიშნავს ნაკრების ღირსების დაცვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ასე რომ „ლა კარტუხაზე“ თამაში მას ვერ შეაშინებს.

გიორგი კარგად თამაშობს

მაგრამ, სულ სხვაა სპორტული მხარე. ამ მხრივ მამარდაშვილი ასაკის მიუხედავად სილესენზე წინ არის. შეხედეთ სტატისტიკას. მიმდინარე სეზონში ორივეს 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული. წუთების მიხედვითაც თითქმის თანაბრად არიან: გიორგი – 1260; იაპერი – 1278. ამის მიუხედავად, ქართველმა გაუშვა მხოლოდ 14 გოლი (13 ლა ლიგაში და 1 თასზე), ჰოლანდიელმა კი 26.

განსხვავება თვალშისაცემია. გარდა ამისა, „მამარ“-ს მშრალად შენახული კარის თვალსაზრისითაც უკეთესი მდგომარეობა აქვს. მან ბურთი თოთხმეტიდან 7 შეხვედრაში არ გაუშვა (6 ლა ლიგაში, 1 თასზე), რაც წუთებში ასე გამოიხატება — ზედიზედ 387 წუთი გაშვებული გოლის გარეშე. აქ ლაპარაკია მატჩებზე „მალიორკასთან“ (1:0), „ბილბაოსთან“ (1:0), „ხეტაფესთან“ 0:0 და „ელჩესთან“ (1:0). ამ შედეგების წყალობით გუნდი ცხრილშიც მაღლა ავიდა.

თავისი წილი 14 თამაშიდან კი სილესენმა გოლი მხოლოდ სამში არ გაუშვა — „კადისთან“ (0:0), „ვილიარეალთან“ (2:0) და „რეალ სოსიედადთან“ (0:0).

სეზონის საშუალო მაჩვენებლები მამარდაშვილმა მარტში ნაჩვენები შედეგებით დააბალანსა. არითმეტიკით გამოდის, რომ მან თავის 14 შეხვედრაში თითო გოლი გაუშვა, ჰოლანდიელს კი თამაშში საშუალოდ 1,85 გამოუდის გაშვებული.

ნახევარფინალის ფაქტორი

მამარდაშვილის სასარგებლოდ მოქმედებს ისიც, რომ „ბილბაოსთან“ ნახევარფინალში „ვალენსიას“ კარს ის იცავდა. „მესტალიაზე“ ქართველმა ინიაკი ვილიამსს ფეხებიდან ააცალა ბურთი, რაც შეხვედრის ბედის გადამწყვეტი ეპიზოდი გამოდგა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში გუედეშმა ისეთი გოლი შეაგდო, რომ „ღამურებზე“ ალალი იყო ფინალში გასვლა. ამრიგად, გიორგი ამ ეტაპზე კარგ ფორმაშია, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს.

ამ დღეებში გიორგი კიდევ ერთხელ ამაღლდა დაბალი კატეგორიიდან პირველ გუნდამდე — ბოსნიასა და ალბანეთთან სათამაშოდ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა.

მისი ინდივიდუალური წარმატება კი 2021 წლის ბოლო დღე გახლდათ, როდესაც „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ ის 2024 წლის ივნისამდე იყიდა, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ანდრეს გარსია, superdeporte.es