Image Credit: Alamy„ევერტონის“ ნახევარმცველი დელე ალი „გუდისონ პარკზე“ „ტოტენჰემიდან“ ახლახან, იანვარში გადავიდა, მაგრამ… უკვე მოახერხა წლის ყველაზე ცუდ შენაძენად დაესახელებინათ.

შეგახსენებთ: მან კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გამოიცვალა. „ირისებს“ დელე ალი 40 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. სპეციალისტები მაშინვე ამბობდნენ, მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი რისკზე მიდისო, მაგრამ ლემპარდი რისკს არ მოერიდა და… როგორც ჩანს შეცდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ რაც „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდა, დელე ალიმ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

აი, რას ამბობს „ლივერპულისა“ და სხვა პრემიერლიგური კლუბების ყოფილი ფეხბურთელი, გლენ ჯონსონი: „სეზონის ყველაზე ცუდი შენაძენი, რასაკვირველია დელე ალია. ამის მოსმენა მისთვის ალბათ ძალიან უსიამოვნო იქნება, მაგრამ ასეა.

თავიდან მეგონა, რომ „ევერტონი“ მასში პენისაც არ იხდიდა და ვიფიქრე, დელე ალის უფასოდ ხელში ჩაგდება კარგი სვლა არის, მეთქი, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ტრანსფერი 40 მილიონი დაჯდა, აზრი შემეცვალა.

საერთოდ, დელე კარგ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ როგორც ხედავთ „ევერტონში“ ფეხი ვერ მოიკიდა. ვერ ვხვდები რატომ მოხდა ასე. ის „გუდისონ პარკზე“ სათამაშოდ ჩავიდა და რომ არ ათამაშებენ, გარედან უცნაურად ჩანს”.

„ევერტონში“ იმედი ჰქონდათ, რომ დელე ალის მათთან მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა. 2015 წელს, როდესაც პირველი ლიგის „დონსიდან“ პრემიერლიგის „ტოტენჰემში“ გადავიდა, ალიმ უცებ გაითქვა სახელი. ჩრდილო ლონდონელთა შემადგენლობაში გატარებულ პირველ ორ სეზონში ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. მას რეგულარულად იწვევდნენ ინგლისის ნაკრებში. მავანთ ეგონათ ერთ მშვენიერ დღეს დელე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობასაც კი მიუკაკუნებდა, მაგრამ როდესაც „სფურზმა“ თანამდებობიდან მაურისიო პოჩეტინო გაუშვა, ფეხბურთელმა ზრდა-განვითარება შეწყვიტა.

პოჩეტინო „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუმ შეცვალა. მოურინიუს პერიოდი დელე ალისთვის რთული გამოდგა. მან ვერც ნუნუ ესპირიტუ სანტუსა და ანტონიო კონტეს ხელში გაიხარა, რის მერეც 25 წლისამ გადაწყვიტა ბედი სხვაგან ეცადა და „დეზები“ დატოვა.

იმავე დღეს, როდესაც ალი „ევერტონში“ გადავიდა, ლივერპულის კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დონი ვან დე ბეკმაც მიაშურა და მართალია ორივე გამოცდილი ფეხბურთელია, „ირისებს“ ვერც ერთი დაეხმარა და ვერც მეორე. დღეს „ევერტონი“ 27 თამაშიდან 25 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.