Erik ten Hag has topped the list of potential candidates for the permanent job at Man Utd„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს.

როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში.

მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში „იუნაიტედს“ ინგლისური და ევროპული ფეხბურთის მწვერვალებზე სხვებზე უკეთ ტენ ჰაგი აიყვანს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს მომავალი მწვრთნელის საკითხი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გადაწყვიტოს, რათა ზაფხულისთვის უსარგებლო ფეხბურთელების გაშვებისა და სასურველების ყიდვის თადარიგი დროულად დაიჭიროს.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც „ჩელსის“ მეპატრონეს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობის გამო წყალი შეუდგა და ლონდონური კლუბის გაყიდვა უწევს, „იუნაიტედის“ ოფისში კანდიდატთა სიას გერმანელი თომას ტუხელიც მიამატეს. მეორე მხრივ, თუკი „ჩელსი“ კარგად გაიყიდება, ახალი მეპატრონე ტუხელს უეჭველად შესთავაზებს ახალ კონტრაქტს და თანამდებობაზე დატოვებს. ერთი სიტყვით, გერმანელის „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლა სერიოზულ ვარიანტად არ განიხილება.

და რა ბედი ეწევა მანჩესტერელთა ახლანდელ თავკაც რალფ რანგნიკს? აღსანიშნავია, რომ რანგნიკი თავისი შემცვლელის შერჩევაში თავად მონაწილეობდა. ის ზაფხულიდან კლუბში კონსულტანტის პოზიციაზე გადავა.

მანჩესტერში სწამთ, რომ 52 წლის ტენ ჰაგი ფეხბურთელთა გულებს არა მხოლოდ მოიგებს, არამედ რამდენიმე მათგანს წასვლას გადააფიქრებინებს. მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ ზოგი ფეხბურთელის მომავალი ჰაერში კიდია.

ტენ ჰაგის მანჩესტერში გადასაყვანად „იუნაიტედის“ ბოსებს „აიაქსთან“ მოუწევთ მოლაპარაკება. მწვრთნელს, რომელსაც მათ თვალი დაადგეს, ამსტერდამის კლუბთან მომდევნო სეზონის ბოლოს გაუდის კონტრაქტის ვადა.

და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელის თემას ეხება. „ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა რობი ფაულერმა მანკუნიანელთა ყოფილ მცველ გარი ნევილს დასცინა.

ფაულერმა თქვა: „გასულ კვირაში ბევრი ვიცინე, როდესაც გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მომავალ მწვრთნელად დიეგო სიმეონეს კანდიდატურა შესთავაზა. მე არ ვამბობ, რომ სიმეონე ანტი-ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ბევრი რამ, რასაც მისი გუნდი კადრულობს; საშინელი ქცევა, რომელიც მას ახასიათებს და მისი ტაქტია „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკადრისი ნამდვილად არ არის.

გარანტიას გაძლევთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმეონე რაღაცებს მოიგებს, „იუნაიტედის“ ფანები რამდენიმე კვირაში მის გაგდებას მოითხოვენ. „იუნაიტედისგან“ ხალხი სხვა მიდგომებს ელის, რომელთაც საფუძველი სერ მეტ ბასბიმ და ალექს ფერგიუსონმა ჩაუყარეს“.