Klopp's Premier League side will play seven games and travel 3500 miles across 22 days„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს ჰკითხეს, „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე რას იტყვითო, მან კი პასუხად მთელი აპრილის კალენდარი ჩამოთვალა. მაშ ასე, „ლივერპული“ და „სიტი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდნენ („ლივერპულმა” სტუმრად მოუგო „ნოტინგემს” 1:0, ხოლო „სიტიმ” საუთჰემპტონს” 4:1) და იქ გადაიკვეთნენ. მათი თამაში 16 აპრილსაა, მაგრამ მანამდე…

მერსისაიდელები აპრილს შინ „უოტფორდით“ იწყებენ; შემდეგ მიდიან ლისაბონში, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბენფიკას“ უნდა შეხვდნენ; ათ რიცხვში კლოპს და კამპანიას „ეტიჰედზე“ უკვე ნახსენებ „მანჩესტერ სიტისთან“ აქვთ სათამაშო, ოღონდ სათასო კი არა, პრემიერლიგის კალენდარული შეხვედრა — ამ მატჩს ინგლისში საჩემპიონოს უწოდებენ — შემდეგ საპასუხო თამაშზე „ენფილდს“ „ბენფიკა“ ეწვევა; მერე მოდის „სიტისთან“ თასის ნახევარფინალი; შემდეგ, შინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რასაც მოსდევს დერბი „ევერტონთან“ და ოცდაათში თვეს სტუმრად „ნიუკასლთან“ დაპირისპირება ამთავრებს.

ყოველ წელიწადს არის პერიოდი, როდესაც სეზონის ბედი წყდება, მაგრამ ის, რასაც („ნიუკასლს“ თავი დავანებოთ) ამ 22 დღესა და 7 შეხვედრაში „ლივერპულმა“ უნდა გაუძლოს, მართლაც დიდი გამოცდაა. ჯერ მარტო 5600 კილომეტრის დაფარვა რად ღირს.

ერთხელ კლოპმა თავის გუნდს „მენტალური მონსტრები უწოდა და ინებეთ — მონსტრებს მონსტრული ამოცანა ერგოთ. „დეილი მეილი“ წერს, რომ ახლანდელ სიგიჟეს მხოლოდ 2001 წლის ამბავი თუ შეედრება, როდესაც „ლივერპულს“ სათავეში აწგარდაცვლილი ჟერარ ულიე ედგა და გუნდი ერთბაშად სამი თასისა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის იბრძოდა. „წითლებს“ მაშინაც გამარჯვებები სჭირდებოდათ და მართლაც ჩაატარეს რამდენიმე ბრწყინვალე თამაში თუმცა, ის პროგრამა მერსისაიდულ დერბის არ მოიცავდა. დერბიში კი ყოველთვის დაძაბულობაა.

ამრიგად, ყველგან, სადაც კლოპის გუნდი ჩავა, მას დახვდება ადგილობრივი გულშემატკივრის არნახული ღრიანცელი. ყველა გუნდისთვის ეს იქნება არა მარტო გამარჯვების, არამედ გამორჩეულ მეტოქესთან გამარჯვების შანსი. პლუს, ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რაკი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ევერტონი“ საუკეთესო ფორმაში არ არიან, „ენფილდზე“ წასაგებად გავლენ?

2001 წლის ცხელი დღეების მონაწილე რობი ფაულერი ამბობს: „დღეს ჩვენ „ლივერპულისგან“ სეზონში ოთხი ტიტულის მოპოვებას ვითხოვთ და უნდა ითქვას, რომ ამ გუნდს ეს შეუძლია. იურგენ კლოპს „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. ძლიერი „ლივერპული“ ადრეც ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული გუნდური ეთიკის მოწმენი ვართ.  ის, რაც იურგენმა ფეხბურთელებს ჩაუნერგა, ბრწყინვალეა“.