ბორჯღალოსნებმა თოვლისგან გაწმენდილ „დინამო არენაზე“ ესპანელ „ლომებს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 49:15 დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის ცხრილის პირველ ადგილზე აღაზევა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და მეორე სარაგბო დონის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. ეს დასკვნითი მატჩი ქართველებმა საუცხოოდ ჩაატარეს – ისე, როგორც ჩემპიონებს ეკადრებათ. თავდაპირველად ესპანელები ბორჯღალოსნებს კი გაუძალიანდნენ, მაგრამ ბოლო 25 წუთი ჩვენმა ბიჭებმა ისეთი აღმაფრენით იბურთავეს, რომ მათი შეჩერება ესპანეთზე ბევრად მაღალი დონის გუნდს გაუჭირდებოდა.
ყველაფერი კი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, გუნდებმა დებიუტში თითო უშედეგო შეტევა გაცვალეს და ქართველების მორიგი შეტევისას, ლამის ლელომდე მისული მორკინალებიდან ბურთი ოდნავ უკან მდგომი ვასილ ლობჟანიძისკენ გადავარდა, რომელმაც… არეკნი დაჰკრა და სანაკრებო კვართით ასეთი ხერხით ქულები კარიერაში პირველად მიითვალა. იმასაც ვერ ვიხსენებთ, ვასკას ასეთი რამ საერთოდ თუ ჩაედინოს, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენმა ბრწყინვალე მელელოვე 9 ნომერმა ეს ულამაზესი სარაგბო ელემენტი უნაკლოდ შეასრულა!
დასაწყისი შესანიშნავი გამოვიდა, მაგრამ სულ მალე ბორჯღალოსანმა პირველხაზელებმა შერკინებაში ჯარიმა აიკიდეს, რომელიც ესპანელთა მგეზავმა 3 ქულად აქცია და წონასწორობაც აღადგინა.
მე-15 წუთზე იგივე ქართველმა მგეზავმაც გააკეთა – თედო აბჟანდაძემ კვლავ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. აი, ამის შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა შეცდომების მთელი სერია დაუშვა, რასაც 24-ე წუთზე ესპანელთა მშვენიერი მოლი და შემდგომ პოზიციური შეტევა მოჰყვა, რომელიც გარემარბმა ჯორდი ჟორბამ ლამაზად დააგვირგვინა – 6:8.
გაშვებულმა ლელომ ქართველები გამოაღვიძა, მძიმე, თოვლისგან გაფუჭებულ გაზონზე ორივე გუნდი კარგა გვარიანად სრიალებდა, ბურთიც სველი იყო და ხარვეზი ორივე გუნდის კომბინაციურ თამაშში იყო, მაგრამ ბორჯალოსანთა მონდომებამ მაინც გადაწონა. ლელოს გაშვებიდან ორიოდე წუთში ვასკამ ჩინებულად ითამაშა, მისი წამოწყებული შეტევა ფლანგისკენ გაიშალა, სადაც აკა ტაბუცაძე ბურთიანად ყველას და ყველაფერს გასცდა და მე-19 სანაკრებო მატჩში მე-17 ლელო გაიტანა. თედომ გარდასახა და საქართველო წინ გაიჭრა – 13:8.
34-ე წუთზე კი ქართული მოლის ჯერიც დადგა. ბიჭებმა ისე მაგრად შეუტიეს, რომ პირენელთა დაცვა უბრალოდ წალეკეს, ბურთი კი ოთარ გიორგაძემ დაამიწა, ვისთვისაც ეს იყო მე-9 ლელო 31-ე სანაკრებო მატჩში. გარდასახვის კუთხე ძალიან მახვილი იყო და თედომ ბურთი ძელებს შორის ვერ გააძვრინა. ტაიმის ანგარიში – 18:8.
მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ძალიან არეულად დაიწყო, ბურთი არ ჩერდებოდა და ერთი მხარის შეტევას კონტრიერიში მოყვებოდა ხოლმე. ჰოდა, 50-ე წუთზე ეს არეულობა საუცხოო ესპანურმა მოლმა დაასრულა, რომელიც სოლივით შევიდა ქართულ დაცვაში, ბურთი კი კვაჭ სანტიაგო ოვეხეროს ეჭირა, რომელმაც მისი დამიწება ლელოში მოახერხა – 18:13, ხოლო მანუელ ორდასის გარდასახვის შემდეგ „ლომები“ ბორჯღალოსნებს უკვე სახიფათოდ მიუახლოვდნენ – 18:15.
და აი, აქ უკვე ქართველებმა იფეთქეს – დაივიწყეს თოვლჭყაპი, სველი ბურთი და საერთოდ, ყველაფერი, რაც აქამდე ბოჭავდათ. 54-ე წუთზე ჯერ თედომ გაიტანა იოლი საჯარიმო – 21:18, 62-ეზე კი ვასკამ კვლავ ფანტასტუკურად ითამაშა, კაპიტან შარიქაძეს ბურთი ისე შეაყოლა ლელოში, რომ ამ უკანასკნელს დამიწება არც გასჭირვებია – 26:15, თედოს გარდასახვის შემდეგ კი – 28:18. ეს იყო მერაბის მე-14 ლელო 84-ე სანაკრებო მატჩში.
10-ქულიანი უპირატესობა აღდგა, მაგრამ ქართველების შეჩერება უკვე ფანტასტიკის სფერო დან იყო. 66-ე წუთზე ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა და პირადი აქტივი 18 ლელომდე გაზარდა, თედომ კვლავ გარდასახა; 72-ეზე დუბლი ოთიამაც გაახერხა (მე-10 სანაკრებო ლელო), თედომ აქაც იყოჩაღა და ეს უკვე ესპანელთა განადგურებას ნიშნავდა. 42:15, თან გიორგაძის მეორე ლელო ბონუსის მომტანი იყო.
და საფინალო აკორდიც ისეთი იყო, როგორიც ჩემპიონს ეკადრებოდა: ბოლო შეტევაში ჩამოყალიბებული უმძლავრესი, შეუჩერებელი მოლი, რომელიც ახლა უკვე ჩვენმა კვაჭმა, შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭყოიძემ დააბოლოვა. თედომ არც ამ ჯერზე დაგვაღალატა და 2022 წლის თავბრუდამხვევ ჩემპიონატს საბოლოო წერტილიც დაუსვა – 49:15!
ნაკრები ზაფხულის სატესტო სეზონამდე დაისვენებს, მაგრამ მის საბაზო გუნდად ქცეულ ფრენჩაიზ „შავ ლომს“ სულ მალე სამხრეთ აფრიკაში, ქარის თასის პირველ დივიზიონში დებიუტი ელის. ამაზე უფრო წვრილად ჩვენს მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ.