Even Cristiano Ronaldo couldn't work his magic as United crashed out of Europe as their trophy drought rages on„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოცნება ჩემპიონთა ლიგაში წარმატებისთვის მიეღწია, „ოლდ ტრეფორდზე“ დაიმსხვრა. რალფ რანგნიკის გუნდმა „ატლეტიკოსთან“ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მაგრამ კარგად თამაში ყოველთვის როდი ნიშნავს გამარჯვებას. 41-ე წუთზე, სტუმართა 23 წლის ბრაზილიელმა მცველმა რენან ლოდიმ თავური დარტყმით შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო და მადრიდელებს ორი მატჩის ჯამში 2:1 მოაგებინა.

„ატლეტიკოს“ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა 29 წლის სლოვენიელმა მეკარემ იან ობლაკმა.

რანგნიკმა „იუნაიტედის“ ქომაგებს როგორც მატჩის პროგრამაში, ასევე წინა საღამოს, პრეს-კონფერენციაზე, სტადიონზე საგანგებო ატმოსფეროს შექმნისკენ მოუწოდა. ფანებმა გერმანელი მწვრთნელის მოწოდება ყურად იღებს და მთელი მატჩის განმავლობაში „ოცნებათა თეატრში“ ისეთი ღრიანცელი მოაწყეს, რომ სტუმარი გულშემატკივრის ხმა ჩაიკარგა. როგორც ინგლისური პრესა წერს, „ატლეტების“ ქომაგებს ერთადერთი რის შესაძლებლობაც მიეცათ, მატჩამდე, შუადღისას, მანჩესტერის ცენტრში კარგი დროის ტარება იყო, მაგრამ როგორც კი სტადიონისკენ დაიძრნენ მათი ხმა ვეღარ ისმოდა.

გუნდმაც ჩინებულად აუწყო ღრიანცელს ფეხი. თუკი პირველ შეხვედრაში, ესპანეთის დედაქალაქში, მოედანზე მთავარი გუნდი „ატლეტიკო“ იყო, აქ „იუნაიტედი“ დომინირებდა. პირველი ტაიმის სტატისტიკის თანახმად ბურთს მეტწილად (57%) ინგლისური გუნდი ფლობდა, რომელმაც კარისკენ ექვსჯერ დაარტყა, აქედან ოთხჯერ ჩარჩოში. თავის წილ, „მატრასების მკერავებმა“ მხოლოდ ორჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მაგრამ აცილებით არ აუცილებიათ. ორიდან ერთი სულაც გოლი იყო.

ბურთის ფლობა სულაც არ არის გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობა. აკი რალფ რანგნიკმა მატჩის წინ თავად თქვა, რომ ლა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში „ატლეტიკომ“ ინიციატივა მეტოქეებს დაუთმო — ბურთს 50%-ზე ნაკლებს აგორებდა. ასეთია დიეგო სიმეონეს სტილი. ის ინიციატივას თითქოს მეტოქეს უთმობს, მაგრამ კონტრშეტევაზე გააქვს გოლები.

რანგნიკმა რამდენიმე დღის წინ „ტოტენჰემთან“ ეფექტურად მოგებულ შეხვედრასთან (3:2) შედარებით ოთხი ფეხბურთელი შეცვალა. მოედანს დაუბრუნდა ანტონი ელანგა, რომელსაც დასაწყისში ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ…

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს მადრიდელების დღე იყო. ერთ ეპიზოდში ობლაკს სახეშიც კი მოხვდა ბურთი და სტუმრების კარი ასე გადარჩა. ხოლო როდესაც საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, დიეგო სიმეონე სწრაფად შევარდა გასახდელში, ტრიბუნიდან კი წყლის ბოთლები ესროლეს.

„იუნაიტედი“ კი კიდევ ერთ სეზონს ჩაამთავრებს ტიტულის გარეშე. მანკუნიანელები ამდენი ხანი „მშრალად“ ნახევარი საუკუნეა არ ყოფილან. მას მერე, რაც 48 წლის(!) წინ ინგლისის მაშინდელი პირველი ლიგიდან გავარდნენ.