რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ იმ შემთხვევაში ითამაშებენ, თუ რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ქმედებას, უკრაინაში ომის დაწყების გამო, დაგმობენ. ბრიტანეთის მთავრობამ საკითხი პირდაპირ დააყენა. სხვა შემთხვევაში, ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ ვერ ითამაშებენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი მოლაპარაკებას „უიმბლდონის“ ორგანიზატორებთან მართავს და მითითებებს აძლევს, რომ „პუტინის მომხრეებს“ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცეთ.
მართალია, რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა (დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ანასტასია პავლუჩენკოვა) პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მაგრამ ახლა მათაც და სხვებსაც, რუსეთის ქმედების დაგმობა ისევ მოუწევთ – თანაც მსოფლიოს დასანახად.
