„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი და მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელი გახდა, ვისაც მინიმუმ 30 000 ქულა, 10 000 მოხსნა და 10 000 შედეგიანი პასი აქვს გაფორმებული.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. მახსენდება ოცნებები, რომ NBA-ში მეასპარეზა და ახლა ერთადერთი ვარ, ვინც ამ სტატისტიკურ კატეგორიაში იმყოფება. მომხდარს ჯერ ბოლომდე ვერ ვააანალიზებ“, – განაცხადა ლებრონმა ნამატჩევს.
„ლეიკერსის“ ლიდერმა „ფენიქსთან“ შეხვედრა 31 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, თუმც „მეფის“ შესანიშნავმა გარჯამ გუნდს მაინც ვერ უშველა და კალიფორნიელები დამარცხდნენ – 111:140.
