„ჩელსის” ფანები რუსეთის დროშის ფონზე რომანის იმპერიას უჭერენ მხარს

ეს იყო ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი დღე: ერთმანეთს ხვდებოდნენ სისხლიანი ფულით დაფინანსებული გუნდები, რომელთა თამაშს საუნდტრეკად გასდევდა ღლიცინი და ხუმრობა ფანებისა, რომელთაც ხარკოვის, მარიუპოლისა და რიადის ენით აუწერელი საშინელებები არაფრად უღირდათ.

თუკი ვინმეს უნდა შევახსენოთ, საიდან ფინანსდება პრემიერლიგის ბოლოხანს წამოჩიტული კლუბი, „ნიუკასლ იუნაიტედი“, შორს წასვლა არ დაგვჭირდება — სააგენტოებმა ახლა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კლუბის საუდელმა მეპატრონეებმა ერთად დახვრიტეს 81 ადამიანი — ამ სამეფოში ეს გახლდათ განაჩენის სისრულეში მოყვანის ყველაზე მასობრივი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში.

81 დახვრეტილიდან შვიდი იემენელი იყო, იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც „ნიუკასლის“ მეპატრონეებმა თავს ომი მოახვიეს და ამ ომში ექსპერტთა შეფასებით 10 ათასზე მეტი ბავშვია დაღუპული და დაჭრილი.

თუკი ვინმე ვერ ხედავს, როგორ უჭირს „ჩელსიში“ თომას ტუხელის გარდა ყველას გაიაზროს, თუ რა დღეში ჩააგდო რუსეთმა უკრაინა, „ნიუკასლთან“ თამაშის პროგრამას გადაავლოს თვალი. მასზე გამოსახულია გოლის სიხარულით შეპყრობილი რის ჯეიმსი.

ვითომ რა დაუჯდებოდა კლუბს პროგრამაზე უკრაინული თემა რომ გამოესახა? „ჩელსისგან“ განსხვავებით „არსენალმა“ თავისი პროგრამის ყდაზე დაბეჭდა ალექსანდრ ლაკაზეტის ფოტო, რომელსაც უკრაინის დროშის ფერებში გამოკვეთილი კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

მაგრამ ეს ორი და საეჭვო ფულით დაფინანსებული კიდევ სხვა კლუბები ერთად ფართხალებენ ორმოში. ამანდა სტეივლი, საუდელთა ნიუკასლელი მარიონეტი, გაბრწყინებული მოაბიჯებდა სტადიონზე, ესკორტის წევრს კი მისი ქოლგა ეჭირა. მან თანადგომა გამოუცხადა აბრამოვიჩს, რომლის მეგობარი ვლადიმირ პუტინი ხალხს ხოცავს და ამისთვის პასუხს ვერავინ სთხოვს.

და მაშინ როდესაც „ჩელსის“ ფანები თავიანთ „უიღბლობაზე“ წუწუნებენ „სტემფორდ ბრიჯის“ ექიმმა ევა კარნეირომ, რომელიც ლონდონურ კლუბში უკვე ექვსი წელიწადია მუშაობს, ტვიტერში დაწერა:

„ძვირფასო გულშემატკივრებო. დღე-ღამეში 24 საათი ფეხბურთს ვემსახურები, ძალიან მიყვარს ეს სპორტი, მაგრამ გთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ერთი მხრივ ზარალდება თქვენი გართობა, მეორე მხრივ კი სასწორზე დევს ადამიანების ცხოვრება, მათი საცხოვრებელი სახლები და საყვარელი ხალხი. მხოლოდ ერთი წამით შეეცადეთ ამის წარმოდგენა“.

მაგრამ, საფეხბურთო სამყაროს ამის წარმოდგენა არ შეუძლია. ის ფულს აკეთებს, გოლებით ვახშმობს და ხარხარებს. ამის გულისამრევი საბუთი, იმ კლუბებმა წარმოადგინეს, რომლებიც ხალხს სანახაობებს სთავაზობენ. არადა, საფეხბურთო მატჩის შედეგი ასეთი უაზრო და უმნიშვნელო არასდროს ყოფილა.

იან ჰერბერტი, „დეილი მეილი”.