დღეები გადის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები რუსეთში რჩებიან. რომ დავაკონკრეტოთ, „ურალიდან“ წავიდნენ ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე, 18 წლის ბიჭები. რუსულ პრემიერლიგაში რჩებიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და გია გრიგალავა.
გვესმის, 30 ივნისამდე შეუძლიათ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ, ანუ არსებობს იმის რისკი, რომ დაბრუნების შემდეგ ცუდი თვალით შეხედავენ და შეზღუდავენ.
კი ბატონო, მაგრამ არის მეორე ალბათობა და გაცილებით უფრო დიდი: უეფა უფრო გაამკაცრებს რუსული კლუბების მიმართ სანქციებს და შესაძლოა, ჩიტივით თავისუფლება მიანიჭოს იქ მოთამაშე ლეგიონერებს 30 ივნისის შემდეგაც.
ამ რუსული აგრესიის ფონზე იქ დარჩენა არცთუ კარგის ნიშანია…
ზოგადად, რუსეთიდან თავის დაღწევა ქართველებს ძალიან უჭირთ. თითქმის ყველა შემთხვევაში, ქართველებს ლიმონივით წურავენ და როცა უკვე რეგრესს ატყობენ, მერე უშვებენ.
გახსოვთ, ბოლო 10-15 წელიწადში რუსეთში მოთამაშე კარგ ფორმაში მყოფი ქართველი დასავლეთევროპულ კლუბში გადასულიყოს?
არ არსებობს, ვერ გაიხსენებთ!
რუსეთში დიდი ფულია და როცა იქ მიდიხარ, იცი, რომ შენი ოჯახი ბინას გაარემონტებს…
თუ მაგრად ათამაშდი, ახალ ბინასაც იყიდის, ბანკის ვალებსაც მოიშორებს, ვიღაც-ვიღაცეებსაც მოიმადლიერებ, მაგრამ…
მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ შესაძლოა, ამ ყველაფრის მონა გახდე !!!
მოკლედ, რუსეთი თავიდან მიმზიდველი ჩანს. გაბედა თორნიკე შენგელიამ და ცსკა-დან წავიდა!!! გასაგებია, შენგელია თქვენზე უფროსია, სხვა წონა აქვს კალთბურთში, ვიდრე თქვენ ფეხბურთში, მაგრამ შედარებითია ყველაფერი – თქვენც ზრდასრული პიროვნებები ხართ.
ისიც გვესმის, რომ ცუდად წამოსვლა არ გსურთ და კლუბი (ან პიროვნება!), რომელიც დაგეხმარათ, არ გინდათ გაანაწყენოთ, მაგრამ მოლაპარაკებასა და მოგვარებას წინ რა უდგას?..
ან, იქნებ წასასვლელი არსად გაქვთ?.. ესეც გასაგები იქნება.