საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა.
„დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ.
ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ სარაგბო სტადიონ „ტრიუმფალურ თაღზე“ დაიწყება მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ეს იქნება ამ დონის ყველაზე ტიტულიანი გუნდების დაპირისპირება. თუკი ლევან მაისაშვილის რაზმმა პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულა და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა, რუმინელებისთვის შაბათის მატჩი ლამის ბოლო შანსი იყოს საფრანგეთში გასამგზავრებლად. ორი წლის ჯამში ჩვენს ნაკრებს 35 ქულა აქვს, ესპანეთ-პორტუგალიას – 25-25, ხოლო რუმინეთს – 22. იმის გათვალისწინებით, რომ პირენეს ნახევარკუნძულის ბინადრები კვირას ერთმანეთს შეხვდებიან და ერთ-ერთი ქულებს აუცილებლად დაკარგავს, სატურნირო სიტუაცია ძალიან დამაინტრიგებლად გამოიყურება.
ეს იქნება ქართველთა და რუმინელთა 26-ე დაპირისპირება. დღეისთვის ბორჯღალოსნებს 15 შეხვედრა აქვთ მოგებული, რუმინელებს – 9, ერთი თამაში ფრედ დასრულდა. და გარდა ამისა, ამ ნაკრებებს შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი. ანთიმოზ ივერიელი რუმინელ და ქართველ ხალხს შორის სულიერ და კულტურულ ხიდს წარმოადგენს. ეს ქართველი კაცი მე-17 საუკუნეში ჩამორჩენილ ვლახიაში მოხვდა და იქაური მიტროპოლიტიც გახდა. გარდა რელიგიური მოღვაწეობისა მან საგანმანათლებლო მისიაც ითავა და რუმინულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანთიმოზი წმინდანად შერაცხა.
„სარბიელისთვის“ ანთიმოზ ივერიელის თასი იმდენადაა ახლობელი, რომ მისი იდეა ჩვენს ერთ-ერთ გამოჩეულ ავტორ ლევან კელაურაძეს ეკუთვნის, ხოლო მისი რეალობად ქცევა მთლიანად აწ განსვენებული ზაალ გიგინეიშვილის დამსახურებაა…
საქართველოს ნაკრებისშემადგენლობა რუმინეთის ნაკრებთან მატჩისთვის
- მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86, 55), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26, 10), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14, 0), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 70, 10), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 0, 0), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 25, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14, 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62, 65), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30, 210), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95, 65), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 82, 60), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 17, 75), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9, 23).
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67, 25), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27, 10), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7, 0), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8, 10), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2, 0), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 37, 24), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90, 53), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 14, 5).