Imageნეიმარმა მისი და ჯანლუიჯი დონარუმას მიმოწერა გაასაჯაროვა.

30 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მიეჩუმებინა ხმები მისი და იტალიელი მეკარის ჩხუბის შესახებ.

მოგეხსენებათ, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მათი დაპირისპირების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო.

ნეიმარი და დონარუმა თანაგუნდელებს გასაშველებელი გაუხდათ.

„პარი სენ ჟერმენს“ „რეალთან“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული.

პარიზელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა.

როგორც ამბობენ, შეხვედრის დამთავრების შემდეგ ნეიმარმა დონარუმას პირველ გოლში დასდო ბრალი, რაზეც იტალიელმა მკვახედ უპასუხა. ამას გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

როგორც მოგახსენეთ, ხუთშაბათს ნეიმარმა მისი და დონარუმას შემდგომი მიმოწერა გაასაჯაროვა. იქ წერია:

დონარუმა: ბოდიში გუშინდელისთვის. ამ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელი იყო.

ნეიმარი: ჩემო მეგობარო. არ ინერვიულო. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. ჩვენ გუნდი ვართ, ყველანი მხარში გიდგავართ.

შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებ. გული არ გაიტეხო, განაგრძე. მეგობრებად ვრჩებით!“

ჯანლუიჯი დონარუმა 23 წლისაა. ასაკის მიუხედავად, მას „მილანში“ 215 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო იტალიის ნაკრებში 40.

დონარუმა „პარი სენ ჟერმენში“ 2021 წელს გადავიდა და პარიზელთა გუნდში ჯერჯერობით 15 შეხვედრაში აქვს ნათამაშევი.