CBS-ისა და BT-ს ექსპერტებმა ერთხმად დაადგინეს, რომ „ლივერპულისა“ და „ინტერის“ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა გუნდმა ლაუტარო მარტინესის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, ალექსის სანჩესი მოედნიდან არ უნდა გაეგდოთ. სანჩესმა მეორე ყვითელი 63-ე წუთზე იმ დანაშაულისთვის მიიღო, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ხედავთ.
ორი შეხვედრის ჯამში „ლივერპულმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
ჩილელმა ვეტერანმა პირველი ყვითელი შესვენებამდე, ტიაგოს წინააღმდეგ უხეშობისთვის მიიღო. მეორე ყვითლის ეპიზოდში კი ხედავთ, რომ მან ბურთს ფეხი გაჰკრა, მაგრამ შემდეგ, მოძრაობაში, ფაბინიოსაც მიარტყა და ამისათვის დაისაჯა.
თამაშის დამთავრების შემდეგ CBS სპორტის ექსპერტებმა ტიერი ანრიმ, პიტერ შმაიხელმა და ჯეიმი კარაგერმა ერთხმად თქვეს, რომ 33 წლის სანჩესს უბრალოდ არ გაუმართლა.
ლეგენდარულმა ანრიმ განმარტა: „დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ფეხბურთი გითამაშიათ დამეთანხმებით, რომ ხანდახან მსაჯები წესებს გაუაზრებლად მისდევენ. რა უნდა ქნა ასეთ სიტუაციაში? სანჩესმა ბურთზე ითამაშა, შემდეგ კი მისმა ფეხმა ინერციით გზა განაგრძო. გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი მაქსიმალურ სისწრაფეზე ხდებოდა. ასეთ დროს ბურთის ჩვეულებრივი დარტყმით გადაგდების დრო უბრალოდ არ არსებობს. მსაჯს ფეხბურთი რომ ჰქონოდა ნათამაშები, ყვითელ ბარათს არ ამოიღებდა“.
ანრის შეხედულება პიტერ შმაიხელმაც გაიზიარა. მან თქვა: „როდესაც სრული სისწრაფით, ფეხით წინ მიდიხარ, ამ ფეხის გარიდების ვარიანტი არ არსებობს. სანჩესმა ბურთს ფეხი მიჰკრა და ამ ეპიზოდს მეტი გარჩევა აღარ უნდა დასჭირებოდა“.
კარაგერმა დასძინა: „ნაკლებ სიმპათიას იწვევს, როდესაც ფეხბურთელი ბურთს ქაცვებით ეხება, მაგრამ ალექსისს ბურთისთვის ქაცვები არ მიურტყამს. მას ფეხი მაღლაც არ აუწევია. არც კოჭზე უთამაშია. ამ ეპიზოდში მაქსიმუმ ჯარიმა დანიშნულიყო და ისიც სადავო იქნებოდა“.
შემდეგ, ანრიმ თქვა, რომ პირველი გაფრთხილების ეპიზოდი იყო უფრო უხეში და კარაგერი მას კვლავ დაეთანხმა. ყოფილმა ლივერპულელმა პირველ მომენტს უწოდა „მეტი ვიდრე ყვითელი“.
რიო ფერდინანდი (BT სპორტი): „შეხედეთ, რა დაბლა აქვს ფეხი სანჩესს. როდესაც შენელებულ კადრს უყურებ, ეპიზოდი უფრო საშიში ჩანს ვიდრე სინამდვილეში იყო, მაგრამ რეალურ დროში აშკარაა, რომ ალექსის სანჩესი ბურთზე თამაშობს. რასაკვირველია, ის სულელია მსაჯს ბარათის ამოღების საბაბი რომ მისცა, მაგრამ ამ ეპიზოდში საყვითლე მაინც არაფერი ყოფილა“.