The best owner in the world': John Terry pays tribute to Roman Abramovich  after owner confirms sale – TechiAI„ბარნლისა” და „ჩელსის” თამაშის წინ, როდესაც „ტარფ მურზე” შეკრებილი ორივე გუნდის გულშემატკივარი უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ტაშს უკრავდა, დასავლეთ ლონდონელთა ფანებმა რომან აბრამოვიჩის გვარ-სახელის სკანდირება დაიწყეს. გაგიკვირდებათ და ამან მათივე გუნდის მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი გააღიზიანა.

„საამისოდ შესაფერისი მომენტი არ იყო, — თქვა ტუხელმა, — როდესაც ვინმეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. თუკი მუხლს ვიყრით, ერთად უნდა მოვიყაროთ. თუ ჩვენი ან სხვა კლუბის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი კვდება, ერთად უნდა მივაგოთ პატივი წუთიერი დუმილით.

თამაშის წინ ჩვენ უკრაინისადმი პატივისცემას გამოვხატავდით და იმ წუთებში სხვა მესიჯების გაგზავნის დრო არ იყო. უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ მათ სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და ამაში ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ”.

„ჩელსის” იმ ფანების მოკლე ჭკუა და ბუნება, რომელთაც უკრაინის სოლიდარობის ნაცვლად რომან აბრამოვიჩის გვერისა და სახელის ყვირილი დაიწყეს, კლუბის ინტერესებს ვერ ცდებოდა — ისინი შეაშინა რუსი ოლიგარქის გადაწყვეტილებამ გაყიდოს „ჩელსი”. მათ არ უნდათ, რომ „ლურჯებს” აბრამოვიჩის ფული მოაკლდეთ.

მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ბრიტანეთში აქტიურად გაახსენდათ, რომ აბრამოვიჩს კავშირები აქვს ვლადიმირ პუტინთან. შარშან, ოლიგარქი უარყოფდა, რომ დასავლეთში პუტინის სალაროს წარმოადგენდა, მაგრამ გამოფხიზლებული ინგლისელები მას სწორედ ასე აღიქვამენ.

ამბობენ, რომ აბრამოვიჩი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბორის ელცინს 2000 წელს მემკვიდრედ პუტინი შესთავაზა.

აბრამოვიჩმა „ჩელსი” 2003 წელს შეიძინა და მას მერე კლუბმა მოიგო პრემიერლიგის ხუთი ტიტული, ამდენივე ფეხბურთის ასოციაციის თასი, სამი ლიგის თასი, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ორჯერ ევროლიგაში და ერთხელ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში რომან აბრამოვიჩით აღფრთოვანება გამოთქვა „ჩელსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საოცრად უადგილო გამოჩნდა. პარლამენტის წევრმა, ლეიბორისტმა ბრაიანტმა ტერის პოსტის სასწრაფოდ წაშლა სთხოვა.