„ვალენსია” სამეფო თასის ფინალშია. „ღამურებმა” შეჯიბრებიდან გამოთიშეს „ბილბაო”, გუნდი, რომელმაც „რეალი” და „ბარსელონა” დაიფრინა. პირველი შეხვედრა ბილბაოში 1:1 დასრულდა, „მესტალიაზე” კი ხოსე ბორდალასის ფეხბურთელებმა გონსალო გედეშის ულამაზესი გოლით 1:0 იძალეს.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ჩეების” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან უშეცდომოდ ითამაშა. მეტიც, რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად იხსნა კარი, რასაც ქვემოთ, ვიდეომიმოხილვაში ნახავთ.

პირველ ეპიზოდში, როდესაც გიორგიმ ინიაკი ვილიამსის წინააღმდეგ საჯარიმოში საუცხოოდ ითამაშა, ესპანურმა პრესამ მის მოქმედებას კოლოსალური უწოდა, ხოლო მეორე ტაიმში, როდესაც სახიფათო საჯარიმოდან დარტყმული ბურთი საოცრად მარტივად დაიჭირა ხელში, დაწერეს, ტრიბუნებმა კინაღამ ჩაისველაო.

„ვალენსია” ისტორიაში მეთვრამეტედ გავიდა „სამეფო თასის” ფინალში. მას მერე, რაც კლუბის მეპატრონე სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმია, ეს მეორედ მოხდა. „ლიმის პირველი ფინალი” 2019 წელს იყო.

ფინალი სევილიაში 23 აპრილს გაიმართება. „ვალენსიას” მეტოქე „ბეტისსა” და „რაიო ვალეკანოს” შორის გამარჯვებული იქნება.