როგორც მოსალოდნელი იყო, „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა ნაკრები თუ კლუბი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნა. უფრო მეტიც, რაგბის მამები ამით არ დაკმაყოფილდნენ და რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბის“ რიგებიდან გარიცხა.
აქვე გთავაზობთ „მსოფლიო რაგბის“ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას:
„მსოფლიო რაგბი“ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური რაგბის ოჯახი გაერთიანებულია სოლიდარობაში ყველას მიმართ, ვინც დაზარალებულია ამ ღრმად შემაშფოთებელი მოვლენებით და უერთდება გლობალურ საზოგადოებას მშვიდობის აღდგენის მცდელობაში.
„მსოფლიო რაგბის“აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები რაგბის ოჯახის დასაცავად და მტკიცე პოზიციის დასაკავებლად კონფლიქტის წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ის) რეკომენდაციების შესაბამისად:
- სრულად და დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთისა და ბელარუსის მონაწილეობა საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირებში შემდგომ შეტყობინებამდე;
- სრულად და დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის რაგბის ფედერაციის წევრობა „მსოფლიო რაგბის“ რიგებში შემდგომ შეტყობინებამდე.
გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ღირებულებების სოლიდარობის, მთლიანობისა და პატივისცემის ინტერესებიდან გამომდინარე. „მსოფლიო რაგბი“ ასევე აგრძელებს კონტაქტს კოლეგებთან უკრაინის რაგბის ფედერაციაში და აღუთქვამს თავის სრულ მხარდაჭერას ამ ქვეყნის სარაგბო თემს“.