საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა…

No description available.საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15 წუთი ითამაშა.

ლიდერს კინკილა ქულით საოცრად მოყოჩაღებული „მონპელიე“ ჩამორჩება. ნაკრებიდან დაბრუნებულმა მიშა ნარიაშვილმა და გელა აფრასიძემ „სტად ფრანსესთან“ 30:3 მოგებულ მატჩში შესაბამისად ბოლო 21 და 35 წუთი ითამაშეს, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ გელამ ფოტორეპორტიორებთან ჟესტით (იხ. ფოტო) მოძმე უკრაინასთან სოლიდარობა გამოხატა. პარიზელთა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე ვასილ კაკოვინმა ითამაშა, ხოლო გიორგი მელიქიძე შეხვედრაში 42-ე წუთზე ჩაერთო.

მესამეზე კი, ლიდერისგან 3-ქულიანი ჩამორჩენით, „ლიონია“, რომელმაც ქართველების გარეშე „ბიარიცი“ გაანადგურა – 34:15. ბასკთა რიგებში ბოლო ნახევარი საათი უჩა ჭეიშვილმა ითამაშა.

No description available.„ბრივმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 17:10. მასპინძელთა სასტარტოში სოსო ბეკოშვილი იყო, რომელიც შესვენების შემდეგ ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ ლუკა დაშავდა და სოსოს დაბრუნებამ მოუწია. ვასილ ლობჟანიძე კი თამაშში ჯერ 28-ე წუთზე ჩაერთო და ტაიმიც ჩაამთავრა, 56-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

„პო“ ვიცე-ჩემპიონ „ლა როშელს“ გაუძალიანდა, მაგრამ საბოლოოდ 16:22 წააგო. სტუმართა შორის 27 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა.

პრო დ2-ში ღირსშესანიშნავი ის მოხდა, რომ „ორიაკის“ გარემარბმა გიორგი გოგოლაძემ „რუანთან“ მატჩში ბოლო შეტევა ლელოთი დააგვრგვინა და მეტოქეს ბონუსი არ დაუთმო – 30:16 რუანელთა სასარგებლოდ. გოგოლაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გიორგი ჯავახიამ ორიაკელებში პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა.

„ბეზიემ“ „გრენობლთან“ უმძიმეს მატჩში 20:17 იმარჯვა და მისმა ქართველმა ბურჯმა გიორგი ახალაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ძალიან სასარგებლო იყო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მის თანაგუნდელ ჟორჟი სალდაძეს თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არც მისცემია, ხოლო დამარცხებულთა რიგებში ორი ჩვენებური იყო – ილია კაიკაციშვილი (1-53 წთ) და ზურაბ ჟვანია (64-80 წთ).

„ნევერმა“ „პროვანსს“ ბონუსით, 32:10 სძლია და ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ქართველმა ბურჯებმა დაიდეს.

No description available.თორნიკე მატარაძემ და გია ხარაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 51-ე წუთამდე ითამაშეს და ხარაიშვილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ტურის სიმბოლურში მოხვდა.

„ბრესანმა“ „ვანთან“ შინ 9:26 წააგო და მასპინძელთა შორის გასული ტურის გმირმა ვაჟა კაპანაძემ პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ 63-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და ბოლომდეც იბრძოლა.

„მონტობანმა“ „ოიონაქსს“ 30:24 აჯობა და ამაში მირიან ბურდულმა ნახევარსაათიანი წილი დაიდო – 32-ედან 63-ე წუთამდე ითამაშა. სტუმართა შორის ირაკლი მირცხულავამ პირველიდან 56-ე წუთამდე ირაგბა, ხოლო ბექა კაკაბაძემ – ბოლო 19 წუთი.

დაბოლოს, „აჟენი“ ლიდერ „მონ-დე-მარსანთან“ 27:30 წაგებულ მატჩში ბონუსს გამორჩა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე ლაშა მაჭარაშვილმა ითამაშა.