Roman Abramovich cedes 'stewardship' of Chelsea FC to charitable foundation | Financial Timesრომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მართვაზე უარი თქვა. ასეთია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი.

ლონდონური კლუბის მეპატრონემ, რომელიც მას 2003 წლის შემდეგ ფლობს და უძღვება, „ლურჯების“ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. ეს მოხდა „კარაბაოს თასის“ ფინალის წინა საღამოს: დღეს „უემბლიზე“ „ჩელსი“ „ლივერპულს“ ხვდება.

აბრამოვიჩის ნების შესაბამისად ახლა „ლურჯებს“ ექვსი ადამიანი მართავს: თავმჯდომარე ბრუს ბაკი, ქალთა კლუბის ხელმძღვანელი ემა ჰეისი, ეროვნული ლატარეის თავმჯდომარე სერ ჰიუ რობერტსონი, პაიარა პაუერი, ადვოკატი ჯონ დივაინი და ფინანსთა მენეჯერი პოლ რამოსი.

ოლიგარქის განცხადებაში წერია: „თითქმის 20 წლის განმავლობაში, რაც „ჩელსის“ მეპატრონე ვარ, თავს მივიჩნევდი კლუბის გუშაგად, რომლის საქმეც წარმატების უზრუნველყოფა იყო. გარდა ამისა, ჩემს ამოცანად მივიჩნევდი მომავლის შენებასაც.

გადაწყვეტილებებს მუდამ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გულის კარნახით ვიღებდი და ახლაც ამ ფასეულობების ერთგული ვრჩები. სწორედ ამიტომ ვაბარებ „ჩელსის“ მეურვეობასა და მასზე ზრუნვას კლუბის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს.

ვფიქრობ, დღეს ყველაზე კარგად მათ შეუძლიათ ზრუნვა კლუბზე, მოთამაშეებზე, თანამშრომლებსა და ფანებზე“.

„ჩელსის“ გულშემატკივრები რუსი მილიარდერის განცხადებამ დაზაფრა და დააბნია. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მის საბოლოო წასვლას არ ნიშნავს. მართლაც, როგორც ჩანს აბრამოვიჩი ამ ეტაპზე უბრალოდ გაერიდა კლუბსა და ინგლისში საქმიანობას, მეპატრონედ და დამფინანსებლად კი რჩება.

საქმე მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრაც არ არის. ადრეც ვწერდით, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა კრის ბრაიანტმა ოლიგარქი კორუფციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის სპეცსამსახურების ინტერესის ობიექტია. ბრაიანტი ითხოვდა, რომ რუსი ბიზნესმენი „ჩელსის“ ჩამოშორებულიყო.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი გაყიდის აბრამოვიჩი „ჩელსის“ თუ არა. გაყიდვა იოლი საქმე არც არის, რადგან KMPG-ს დათვლით კლუბი 1,6 მილიარდი გირვანქა ღირს.

„ტელეგრაფიც“ ირწმუნება, რომ „ჩელსის“ გაყიდვაზე არ არის ლაპარაკი. გაზეთის ინფორმაციით აბრამოვიჩის გადაწყვეტილება სანქციებისთვის თავის არიდებას არ ემსახურება, რადგან მართალია ბრიტანეთმა რუს ოლიგარქთა გარკვეულ ჯგუფს უკრაინაში ომის გამო აქტივები გაუყინა, მაგრამ აბრამოვიჩი მათ შორის არ არის.

მეტიც, სამართლის ექსპერტების აზრით მთავრობას სანქციები აბრამოვიჩისთვისაც რომ დაეწესებინა, ისე იზამდა, რომ ისინი ფეხბურთის კლუბს არ შეეხებოდა.

გუშინ აბრამოვიჩის შვილმა სოფიამ სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო მემე გააზიარა.

ინფორმაციის სისრულისთვის უნდა ითქვას, რომ დაირხა ჭორი, თითქოს მავან ამერიკელ ინვესტორებს უკვე გამოუჩენიათ „ჩელსის“ ყიდვის ინტერესი.