„ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს ელის. ომმა დასავლეთ ლონდონელთა კლუბი და მათი მეპატრონე, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უნებურად ყურადღების ცენტრში მოაქცია.
ტუხელმა თქვა, რომ შეიქმნა შემაძრწუნებელი ვითარება, რომელიც ადამიანთა გონებას ღრუბელივით ფარავს, ის კი ამ დროს ცდილობს გუნდი კვირას გასამართი „კარაბაოს თასის“ ფინალისთვის მოამზადოს. „ჩელსის“ მეტოქეა „ლივერპული“.
ტუხელი: „გარკვეულ დონემდე მესმის, რომ ჩვენი კლუბისა და იმ ხალხის მიმართ ვინც მას წარმოვადგენთ კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა. ვიცი, რომ ამ განწყობებისგან თავს ვერ დავიხსნით. ამას არ ველით. ეს რეალური არ არის. ის, რაც დღეს ხდება ხალხის გონებას ჩრდილავს. ის ღრუბელივით ფარავს საფინალო ვნებათაღელვასაც და დიდ გაუგებრობას აჩენს.
არის ხალხი, არიან ოჯახები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებმა ჩვენზე გაცილებით მეტად ჩაითრია. ჩვენ მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. ამჟამად ყველაფერზე მნიშვნელოვანი ეს არის“.
ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ლეიბორისტმა კრის ბრაიანტმა თქვა, რომ აბრამოვიჩს „ჩელსი“ უნდა ჩამოერთვას, რადგან რუსი ოლიგარქი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის „ინტერესის ობიექტს“ წარმოადგენს.
ტუხელმა დასძინა: „ჩვენი კლუბის გარშემო ძალიან ბევრი გაუგებრობაა. სხვადასხვა შესაძლო სცენარის გამო ბევრი რამ გაუგებარია მთელს დიდ ბრიტანეთშიც. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ იქნებ ხალხმა ისიც გაიგოს, რომ მე, როგორც მწვრთნელი და ჩემი ფეხბურთელები მიმდინარე მოვლენებთან არაფერ შუაში ვართ.
ჩვენ არ გვაქვს იმდენი ინფორმაცია თქვენ რომ გგონიათ და იქნებ პოლიტიკაში ასე გადართვაც არ არის საჭირო.
ჩვენ თავი არ უნდა მოვიკატუნოთ. საკითხი რასაკვირველია რთულად დგას. ზოგადად, სიტუაცია როგორც ჩემთვის ასევე „ჩელსისთან“ დაკავშირებული ყველა ადამიანისთვის შემაძრწუნებელია. მე ვიცი ამ მომენტისთვის ჩვენს გარშემო არსებული სცენარები და საკამათო საკითხების შინაარსი.
დღეს ჩემთვის ყველაზე კომფორტული იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე კომენტარისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვაწუხებს, ჩვენზე მოქმედებს. ამას ვერსად გავექცევით. შეუძლებელია გამოხურო კარი და მარტო ფეხბურთზე იფიქრო“.
ინგლისური პრესის აზრით არ არის გამორიცხული „კარაბაოს თასის“ ფინალი ანტირუსულ აქციაში გადაიზარდოს და ფეხბურთი მთლიანად დაიჩრდილოს. სპორტული სამყარო რუსეთის ძალმომრეობამ აღაშფოთა.
შემდეგ ტუხელს ჰკითხეს, რას ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის პეტერბურგიდან პარიზში გადატანის შესახებ. ცნობისთვის: ეს უკვე ზედიზედ მესამე შემთხვევაა, როდესაც ფინალი დათქმულ ადგილას არ ტარდება.
„ამ სამიდან ფინალის სხვაგან გადატანის ყველაზე ცუდი მიზეზი ახლაა, — უპასუხა „ჩელსის“ მწვრთნელმა, — წინა ორ შემთხვევაში ეს Covid 19-ის გამო მოხდა, რაც ასევე არ ვარგოდა, მაგრამ ახლა რაც არის, უარესია.
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ის ხალხი ვინც აქ ვიმყოფებით ძალიან დიდი პრივილეგიით ვსარგებლობთ. ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდად, თავისუფლად და გვაქვს ისეთი მშვენიერი თამაში, როგორიც არის ფეხბურთი. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი და ემოციური სახლი – სტადიონი. ჩვენ მეტად პრივილიგირებული ხალხი ვართ და ის რაც ახლა ხდება, ჩვენი რეალობის მკაცრი შემოწმებაა“.
საინტერესოა, რომ ტუხელმა ერთხელაც არ ახსენა სიტყვა ომი.