„დინამო“ თბილისმა ბადრი კეთილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა.
ბადრი კეთილაძე – ადამიანი, რომელიც უპირველესად დააკლდა ოჯახს, უსაყვარლეს მეუღლესა და ქალიშვილს, მერე კი ყველას, ვინც იცნობდა. მით უმეტეს მათ, ვისთვისაც სპორტი და კონკრეტულად ლამაზი ფოტო სულერთი არაა. სამწუხაროდ, მძიმე სენმა მთელ ქვეყანას წაართვა ეს კაცი.
ბადრი დიდხანს მუშაობდა „სარბიელში“, გაზეთის ერთ-ერთი ნათელი სახე იყო. ბადრისგან მხოლოდ კარგს ისწავლიდი: მისთვის არ არსებობდა არანაირი სიყალბე, ზერელეობა და ძალიან ბევრი გააკეთა მომავალი თაობის ფოტოგრაფებისთვის. ბევრი დააფრთიანა. მადლობა „დინამოს“ ჩვენი ბადრის ასეთი დაფასებისთვის 
ჭიაკოკონა სარბიელში | sarbieli„დინამო თბილისის გადაწყვეტილებით, ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძის ხსოვნის საპატივცემულოდ, სპორტული ფოტოგრაფებისთვის ბადრი კეთილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დაწესდება.
დედაქალაქური კლუბი ყოველი წლის ბოლოს დინამოს თემატიკაზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს ავტორს ბადრი კეთილაძის სახელობის პრემიით დააჯილდოებს. ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ასევე მოეწყობა ფოტო გამოფენა.
ლეგენდარული ფოტოგრაფი მიმდინარე წლის 22 იანვარს 63 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბადრი კეთილაძე სპორტულ ფოტოგრაფიაში ათეული წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და მთელი ამ პერიოდის მანძილზე უამრავ ახალგაზრდა ფოტოგრაფს საკუთარ გამოცდილებას უანგაროდ უზიარებდა. საქართველოში სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში მისი როლი შეუფასებელია.
დინამო თბილისში მუშაობის მრავალ წლიან პერიოდში, ბადრი კეთილაძემ ჩვენი კლუბის არქივსა და გულშემატკივარს უამრავი ისტორიული და მნიშვნელოვანი კადრი შესძინა.
ბადრი კეთილაძის პრემიის დაარსების შესახებ კომენტარი გააკეთა ლეგენდარული ფოტოგრაფის მეუღლემ:
რუსუდან კალანდაძე: „ჩემთვის ძალიან საამაყოაა, რომ ბადრი კეთილაძე, როგორც ქართული სპორტის ფოტო მემატიანე, სიცოცხლეში და სიცოცხლის შემდეგაც დააფასა სპორტულმა სამყარომ. თავის სიცოცხლეში უზომოდ შეყვარებული იყო ფოტოგრაფიაზე, ის მისთვის არამხოლოდ პროფესია, არამედ საყვარელი საქმეც იყო.
მიხარია, რომ მისივე სახელობის პრემიით მრავალ ახალმორბედს ექნება შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ სპორტული ფოტო ისტორის  გაგრძელებაში.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ იდეის ავტორებს და საფეხბურთი კლუბ “დინამო თბილისს” ბადრის სახელის უკვდავყოფისთვის.“