„ბარსელონა“ ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ თამაშობს. ჩავის გუნდმა ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და ევროლიგის მერვედფინალში გავიდა.
„ბარსამ“ „ნაპოლის“ 4:2 მოუგო. გუნდების დაპირისპირება ორი შეხვედრის ჯამში დასრულდა 5:3. სტუმართაგან გოლები გაიტანეს ჟორდი ალბამ, ფრენკი დე იონგმა, ჟერარდ პიკემ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.
ეს გახლდათ მესამე შეხვედრა თებერვალში, რომელშიც კატალონიის გუნდმა ოთხი გოლი გაიტანა.
„ასეთი სრულყოფილი ფეხბურთი აქამდე არ გვითამაშია, — თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ, —ამოცანად მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება გვქონდა დასახული და მიზანს მივაღწიეთ. ჩემი ფეხბურთელების გუნდური მოქმედებებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
საუცხოოდ ვითამაშეთ: ვიცოდით როგორ გადაგვეწოდებინა პასი თავისუფალი თანაგუნდელისთვის, მივმართავდით მაღალ პრესინგს, ბურთს დავკარგავდით თუ არა, მყისვე წართმევას ვცდილობდით… ინიციატივა მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს ხელთ იყო. ასევე მოხდა პირველ შეხვედრაში. მიმაჩნია, რომ შედეგი სამართლიანია. მიხარია, რომ ჩემი მოთამაშეები ბევრს მუშაობენ და წარმატებასაც აღწევენ. სწორს გზას ვადგავართ. ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ“.
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ხაზი გაუსვა თავისი გუნდის ახალ თვისებას — მწვავე კონტრშეტევებს, რის წყალობითაც „ნაპოლის“ კარში პირველი გოლი გავიდა.
„მასპინძლებიც მაღალ პრესინგს გვეთამაშებოდნენ და ეს ჩვენ კონტრშეტევის შესაძლებლობას გვაძლევდა. კარგად ვხვდებოდით, როგორ უნდა გვესარგებლა გახსნილი ფეხბურთელით და ადამა ტრაორეს, ფერან ტორესსა და ობამეიანგს ხელ-ფეხი გავუხსენით“, — თქვა მან.
ბარსელონელთაგან ნეაპოლში თავი განსაკუთრებით მეორე გოლის ავტორმა დე იონგმა გამოიჩინა.
ჩავი: „ის ბრწყინვალე იყო. გოლიც ჩინებული გაიტანა. ფრენკი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანია, რომელიც უკეთ და უკეთ თამაშობს. ვფიქრობ, დე იონგი წლების განმავლობაში „ბარსას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება“.
„ნაპოლისთან“ გამარჯვებამ რასაკვირველია ერთგვარი ეიფორია გამოიწვია, მაგრამ ჩავი არ ჩქარობს განაცხადოს, რომ „ბარსელონა“ ევროლიგის ფავორიტია.
„სულაც არ ვართ ფავორიტები, — თქვა მან, — ჩვენ თავჩახრილებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დღეს გავიმარჯვეთ და ეს სასიამოვნო იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვირას ლა ლიგაში „ბილბაოსთან“ გვაქვს სათამაშო. რაც შეეხება ევროლიგას, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მერვედფინალში გავედით. მოგებით ჯერ არაფერი მოგვიგია“.