„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს ოლე გუნარ სულშერი გაახსენდათ. მწვრთნელი კი არა, ფეხბურთელი. ის იყო ბოლოწამს გატანილი გოლების სპეციალისტი და აი, გუნდში ამ საქმის ახალი სპეციალისტი გამოჩნდა — 19 წლის შვედი ანტონი ელანგა.

სულ ახლახან, კვირას, პრემიერლიგაში, „ელანდ როუდზე“, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ ელანგა და ფრედი ერთად შევიდნენ მოედანზე და ორივემ გაიტანა —როდესაც ისინი მოედანზე შედიოდნენ ანგარიში 2:2 იყო, მათი გოლების წყალობით კი მანკუნიანელებმა გაიმარჯვეს. სამ დღეში, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, მე-80 წუთზე, ბრუნო ფერნანდეშის გოლით ელანგამ ისევ შეაგდო. ანგარიში მისი გუნდისთვის ამჯერადაც არასახარბიელო იყო, „ატლეტიკო“ 1:0-ს უგებდა. შვედმა გაათანაბრა. ის სულ რაღაც 5 წუთის შესული იყო მოედანზე.

მანჩესტერელთა გოლამდე თამაშს თითქოს მადრიდელები აკონტროლებდნენ. ახლა კი ორი გუნდის დაპირისპირებაში სულ სხვა სურათია. პირველი შეხვედრის ანგარიშია 1:1 და საპასუხო „ოლდ ტრეფორდზე“ უწევს.

როგორც ჩანს, სამი დღით ადრე „ელანდ როუდზე“ ადგილობრივი გულშემატკივრის ღრიანცელში მოპოვებულმა გამარჯვებამ მანჩესტერელები მადრიდში სათამაშოდ კარგად მომაზადა. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ხომ საგანგებო ატმოსფერო სუფევდა. ასეთ დროს კი შედეგს თამაშის ხარისხზე მეტი მნიშვნელობაც კი აქვს.

„ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაში გამოცდილი გუნდია. ახლო წარსულში, 2014 და 2016 წლებში ის ორჯერ იყო შეჯიბრების ფინალში და ორივეჯერ კრიშტიანუ რონალდუს „რეალმა“ აჯობა. რონალდუ ამჯერადაც „ატლეტების“ მეტოქე იყო. ალბათ ამიტომაც თქვა „იუნაიტედის“ თავკაცმა რალფ რანგნიკმა შეხვედრის წინა პრეს კონფერენციაზე, რომ „ვანდაზე“ მის ზოგიერთ ფეხბურთელს გულთბილი მიღება ნამდვილად არ ელოდა. გერმანელი გუნდს აგრეთვე აფრთხილებდა, რომ მეტოქე ძალისმიერ ფეხბურთს დაუპირისპირებდა.

ინგლისური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოს“ თავკაცი დიეგო სიმეონე არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელობისთვის თავის დანებებიდან 16 წლის მერეც უნდა მოედანზე მიმდინარე თითოეულ მოქმედებაში ჩაერიოს. თამაშის ჟინით შეპყრობილს მოედნის კიდესთან გამოყოფილი ფართობი არ ჰყოფნის.  მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა წლეულს მხოლოდ ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის. და მაინც, მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის დიდი გამოწვევაა. „ატლეტიკოს“ აშკარად შესწევს უნარი ჩემპიონთა ლიგაში გზა ბოლომდე გაიაროს.

ზემოთ ვთქვით, თუ როგორ გათანაბრდა ანგარიში „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში. პირველი გოლი კი სტუმრების კარში გავიდა და ის ჟოაო ფელიქსმა დასაწყისში, მე-7 წუთზე თავურით გაიტანა.