კვირას, 27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩი ჰქონდა გასამართი.
ჯერ ერთი, ამ მატჩის მოგებით ბორჯღალოსნები გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზურს ჩაიდებდნენ ჯიბეში. მეორე დატვირთვა ამ მატჩს ის ჰქონდა, რომ ის საიუბილეო, 250-ე უნდა გამხდარიყო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრების ისტორიაში. მესამე და საკვანძო ფაქტორი კი ის გახლდათ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა მორიგი დაპირისპირება და ჩვენც, რაღა თქმა უნდა, ჩვენების მორიგი გამარჯვებისა და რუსთა უკვე მერამდენე გვემის იმედი გვქონდა, მაგრამ…
პუტინის რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანმა ინტერვენციამ კონტინენტური რაგბის მესვეურებს საქართველო-რუსეთის შეხვედრის გაუქმებისკენ უბიძგა. ასეთ სიტუაციაში რუსი სპორტსმენების მათი ქვეყნის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანაში სტუმრობა ორივე მხარისთვის რისკის დიდ დოზას შეიცავდა.
მოკლედ, მატჩი გადაიდო, თანაც გაურკვეველი ვადით. შესაძლოა, სატურნირო მდგომარეობა ისე დალაგდეს, რომ „დინამო არენაზე“ გასამართ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა სულაც დაეკარგოს…